10-11 ივლისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში", საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების (GIZ, OECD/SIGMA, EU Support Program) მხარდაჭერით, იმართება კონფერენცია თემაზე: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი: გზამკვლევი მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისკენ".
კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის PIFC-ის განყოფილების უფროსს, რობერტ ხილისეს. განიხილეს დონორთა მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის მიმართულებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კონფერენცია გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა მარტინ ჰომოლამ.
„ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით ჩვენთან დაწყებულია შიდა აუდიტის რეფორმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი გამოყენების შიდა კონტროლს, რათა სამინისტროებმა თვითონ გააკონტროლონ, რამდენად ეფექტიანად და სწორად იხარჯება ის სახსრები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ უწყებები უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ შიდა აუდიტის საქმიანობის სრულყოფის მიმართულებით," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება საჯარო სექტორში შიდა კონტროლის მექანიზმებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია გადამხდელთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ თანხებზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანხის გამჭვირვალედ ხარჯვა. სწორედ შიდა ფინანსური კონტროლის სუბიექტების მეშვეობით ხდება სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის კონტროლი," - განაცხადა ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის PIFC-ის განყოფილების უფროსმა რობერტ ხილისემ.
პრეზენტაციები გამართეს ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის PIFC-ის განყოფილების უფროსმა რობერტ ხილისემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა სტეფან შტორკმა, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ, რომელიც ისაუბრა შიდა კონტროლის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
ორი დღის განმავლობაში გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შიდა აუდიტის სუბიექტები, ფინანასთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის სამდივნოს წარმომადგენლები და ევროკავშირის ექსპერტები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც აღნიშნული რეფორმის კოორდინატორი, სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს საჯარო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის (PIFC) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზების მიზნით, რათა ამაღლდეს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დონე, საზოგადოების ნდობა სახელმწიფოს მიმართ.
ბოლო წლების მნიშვნელოვან რეფორმად ითვლება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ ახალი კანონი, შიდა აუდიტის სამმართველოების შექმნა სამინისტროთა უმრავლესობაში და ზოგიერთ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, პირველი ტრენინგების შემუშავება და ჩატარება, მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება.
აღნიშნულის მიუხედავად, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, როგორიცაა: PIFC სტრატეგიული დოკუმენტის განახლება, შიდა აუდიტისა და ინსპექციის ფუნქციების გამიჯვნა, პროფესიული კომპეტენციების შემდგომი შემუშავება, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა უწყვეტ ტრენინგს, დამატებით მეთოდოლოგიის შემუშავებას, მენეჯერული ანგარიშვალდებულების დონის ამაღლებას, რისკის მართვის მიდგომის განვითარებას და ადმინისტრაციული კულტურის შეცვლას.
კონფერენციას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია და სხვა სამინისტროების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები