დღეს, 27 ივნისს, 15:00 საათზე „ღვინის სამყარო"-ში "საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით - „ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე".
ცენტრის მოწვევით კონფერენციას გაუძღვება „როსპოტრებნადზორ"-თან არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი კატუკოვი.
კონფერენციაზე მოწვეული არიან: ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
კონფერენეციას დაესწრებიან რუსეთის სანიტარულ სამსახურში უკვე დარეგისტრირებული ქართული კომპანიები, ასევე მწარმოებლები, რომელთაც სურთ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია რუსეთის ბაზრის მოთხოვნებისა და საექსპორტო პროცედურების შესახებ.
განსახილველი საკითხები:
ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რუსეთში იმპორტის დაწყების აღნიშვნა;
განვლილ პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შეჯამება;
წარმოჩენილი პრობლემები და მათი გადაჭრის პერსპექტივები;
რუსული ბაზრის მარკეტინგული შეფასება;
ექსპორტის დაწყება, როგორც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი.