საერთაშორისო მისია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირების რეკომენდაციას გასცემს. მისიის რეკომენდაციით, „საქსტატის" დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, თუმც ის რომელიმე სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა ფუნქციონირებდეს.
„მისია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ „საქსტატი" უნდა იყოს დამოუკიდებელი სამსახური, თუმცა მისიის შეფასებით მნიშვნელოვანი იქნება, რომ სტატისტიკის სამსახური არ უყოს დამოუკიდებელი მოთამაშე, არამედ რომელიმე სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობდეს"- აღნიშნა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ, მისიის ანგარიშის შეფასების კომენტირებისას.
ჭელიძის განმარტებით, ძველი მოდელის დაბრუნებაზე საუბარი არ არის, როდესაც სამსახური ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო. მისი განმარტებით, საუბარია დამოუკიდებელი სიპ-ის ფუნქციონირებაზე, რომელიც სამინისტროს ქოლგის ქვეშ იმუშავებს, ისე როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მაგალითზეა.
„ძველ მოდელზე საუბარი არ არის. ძველი მოდელი იყო საქვეუწყებო. ისინი მხარს უჭერენ დაახლოებით ისეთივე მოდელს, როგორიც არის საქართველოს მაგალითზე, ვთქვათ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შემთხვევაში. ისინი არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებიც სამინისტროს ქოლგის ქვეშ მუშაობენ. რაც ხელს უწყობს სამსახურის გაძლიერებას. სხვათაშორის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ზოგგან შსს-ს სამინისტროს ქოლგის ქვეშაა სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ზოგიერთ ქვეყანაში ის ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ზოგგანაც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია"- განაცხადა ზაზა ჭელიძემ.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო მისიის ანგარიში და რეკომენდაციები „საქსტატის" მიერ დამუშავდება. სამომავლოდ გასატარებელი რეფორმების გეგმები შედგება და ამის შემდგომ ის განსახილველად და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.