ქობულეთის პირსის რეაბილიტაციისათვის მთავრობამ მისი იჯარით გაცემა გადაწყვიტა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი #269-დან #279-მდე მდებარე 644,60 კვ.მ. ფართის პირსის ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1064 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, იჯარით გასაცემად უკვე გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში ჰიდროტექნიკური ნაგებობის (პირსის) რეაბილიტაცია მოახდინოს და ასევე მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი ამოქმედოს და ექსპლუატაციაში შეყვანოს. ინვესტორისათვის კი პირსის სარგებლობაში გადაცემის ვადად 20 წელი განისაზღვრა. იჯარის საწყისი ღირებულება კი 15 ათასი ლარია და აუქციონი 1-ელი ივლისისთვისაა ჩანიშნული.