ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 მილიონი ევროს გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს თანხა ,,ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტისთვის განკუთვნილი დახმარების პირველი ტრანშია.
,,კმაყოფილები ვართ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებაში მიღწეული წარმატებით. ამის დასტურია რაიონებში შექმნილი აგროსერვის ცენტრები, რომელიც ფერმერთა კონსულტირებასა და ინფორმირებას უზრუნველყოფს და ახალი კანონმებლობა, რომელიც ფერმერული კოოპერატივების შექმნის მიზნითაა ინიცირებული. ყველა ეს ღონისძიება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამა ENPARD-ით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად ხორციელდება"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.
"სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში ევროკავშირი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პარტნიორია. ევროკავშირის მიერ სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებული სტრატეგიის განხორციელების დადებითი შეფასება გვარწმუნებს, რომ სექტორის მოდერნიზებისა და მცირე ფერმერთა პირობების გაუმჯობესების საქმეში სწორ გზას ვადგავართ"- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ეს ინიციატივა არის ნაწილი ,,ევროკავშირის სამეზობლო პროგრამისა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD), რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ეხმარება ზრდასა და სტაბილურობას თავის სამეზობლოში და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას, როგორც საფუძველს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, მდგრადი წარმოებისა და სოფლად დასაქმებისთვის. ENPARD საქართველოში 2013 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში გამოიყო 40 მილიონი, რომლის მიზანია სურსათის წარმოების გაზრდა და რაიონებში სიღარიბის შემცირება.