ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის 21-23 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის „კულტურულ-სპორტული" ღონისძიების ორგანიზება. ტურის ფარგლებში შშმპ-ებს შესაძლებლობა ექნებათ 3 დღე გაატარონ მათთვის ადაპტირებულ გარემოში, სადაც დასვენებასთან ერთად მათთვის დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ღონისძიება გათვლილია 104 ადამიანზე. ყველაზე დიდი შენობა, რომელიც სპეციალიზირებულია შშმპ-ების მომსახურებისათვის და ყველა შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნია მდებარეობს ასპინძაში. შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ასპინძის სარაგბო ბაზას. მისი მშენებლობა ახლა დასრულდა და განხორციელდა საქველმოქმედო ასოციაცია „ატუ"-ს მიერ. ამჟამად ბაზა არის აიპ. რაგბის მხარდამჭერთა ლიგის მფლობელობაში.
დაგეგმილი ღონისძიება ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს და ემსახურება საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაციას, რისი წინაპირობაც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება, ტურიზმის სფეროში ჩართვა და ინკლუზიური ტურიზმის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება, ასევე შშმპ-ებისათვის ადაფტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობა (შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა: განთავსების საშუალება, ტრანსპორტი და სხვა).
ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაესწრება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან, როგორც არასამთავრობო, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები (ტურ-ოპერატორები, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით ან გეგმავენ), დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ყოველივე ეს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინკლუზიური ტურიზმის, როგორც ტურისტული ბიზნესის ახალი სეგმენტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციას.