საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტრო დახმარებას გაუწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტს, ასევე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიას.
მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრი იერონ დიჯსელბლომი.
ხელმოწერის ცერემონიაზე ნიდერლანდების მხარეს წარმოადგენდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში პიტერ იან ლანგენბერგი.
მემორანდუმით გათვალისწინებულია როგორც ჰოლანდიელი ექსპერტებისა და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა საკონსულტაციო ვიზიტები საქართველოში, ისე ქართველი სპეციალისტების სწავლება ჰოლანდიაში.