საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, რომელმაც ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელით კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოსა და ქართველ ხალხს. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ელჩს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ნოდარ ხადურთან შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია Microsoft-ის წარმომადგენლები საქართველოში და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, მათ შორის, საუბარი შეეხო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებს.
კერძოდ, Microsoft-ის არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას, რაზედაც ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნილ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ერთობლივი განცხადების გავრცელება იგეგმება.