წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყნის მასშტაბით 351 ათას 693 საწარმოს ზედმეტად 1,5 მლრდ ლარი აქვს გადახდილი, რაც ფინანსთა მინისტრის განმარტებით საქართველოს ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ხელისუფლება ზედმეტად გადახდილი თანხების გასტუმრებაზე აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას დაგვხვდა 1,5 მლრდ ლარის ვალი, წინასწარ ამოღებული გადასახადების სახით. რაც თავის მხრივ ძალიან მძიმედ აწვება საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ აქტიურად ვმუშაოთ მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ეს თანხები დავფაროთ. ცხადია, რომ ერთიანად გაგვიჭირდება, რადგანაც საქართველოს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები სულ 6,6 მლრდ ლარია და აქედან თითქმის 1,5 მლრდ ლარი როგორც ავღნიშნე ზედმეტად ამოღებულია"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით ზედმეტად გადახდილ თანხებში შედის დღგ, რაც ლოგიკურია და ასევე არის ისეთი გადასახადებიც, რომელიც კომპანიებს წინასაარჩევნოდ გადაახდევინეს.
„მაგალითად დღგ-ს რაღაც ნაწილი ობიექტურადაა წინასწარ გადახდილი, იმიტომ, რომ ის გადაიხდება და მერე ექსპორტზე გადასული საქონლიდან ის უკან უნდა დაუბრუნდეს გადასახადის გადამხდელს. მაგრამ სამწუხაროა ის, რომ დღგ-ს გარდა რომელსაც ასეთი თვისება აქვს, სხვა გადასახადებიც არის ზედმეტად ამოღებული. მაგალითისათვის გეტყვით, ზესტაფონის რაიონში მუშაობს ერთ-ერთი მსხვილი საწარმო, რომელსაც არ დავასახელებ. ამ საწარმოს შარშან გადაახდევინეს 1,2 მლნ ლარი ქონების გადასახადი ზესტაფონის ადგილობრივ ბიუჯეტში ზედმეტად. ის ფული არჩევნების წინ მოხმარდა ფასადების შეღებვასა და შეკეთებას და კიდე რაღაცა პროცესებს. წელს კი საწარმო ამბობს, რომ ამ ფულს აღარ გადაუხდის სახელმწიფოს რადგანაც შარშან ორმაგი გადაიხადა. აი ასეთი ტიპის გადასახადებია, რომელიც წინასწარ გადაახდევინა ყოფილმა ხელისუფლებამ და ეს არ არის სამწუხაროდ ერთადერთი ფაქტი. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია"- განმარტავს მინისტრი.
ნოდარ ხადურის განმარტებით ქვეყნის მასშტაბით 222 ათას 666 საწარმოს კი სახელმწიფოს მიმართ აქვს დავალიანება და ეს თანხა 4,6 მლრდ ლარს შეადგენს.
„თუმცა ამ საწარმოების უმეტესობა არის მათ შორის ყოფილი კოლმეურნეობები. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დავადგინოთ არსებული საწარმოები და გადასახადები ამოღებისას ამის მიხედვით ვიმოქმედოთ"- აცხადებს ხადური.