ფინანსთა მინისტრმა დღეს 2013 წლის 5 თვის მაჩვენებლები შეაჯამა და განაცხადა, რომ იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტმა წინასწარი მონაცემებით 144 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წლის 5 თვეში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 15 მლნ ლარით განისაზღვრა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით: „საქსტატი"-ს წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 2,5% შეადგინა. ნოდარ ხადურის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა მარტის თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,7%-დან 2,5%-მდე;
„2013 წლის იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 2 656.0 მლნ ლარი, რაც 82 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2 574.0 მლნ ლარი);
2013 წლის 5 თვეში გამოწერილი ჩეკების რაოდენობამ შეადგინა 352, 324,487 ცალი, რაც დაახლოებით 23 მლნ-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (329,714,238 ცალი);
საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების მიხედვით გადახდილი თანხის ოდენობამ 2013 წლის 5თვეში შეადგინა 6,408 მლნ ლარი, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5,406 მლნ ლარი, სხვაობა შეადგენს 1 მილიარდ ლარს"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2013 წლის 5 თვეში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტმა წინასწარი მონაცემებით 144 მლნ ლარი შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული კლასიფიკაციით (GFSM-1986), მაშინ, როდესაც 2012 წლის 5 თვეში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 15 მლნ ლარით განისაზღვრა.
ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაწეული ხარჯების შესახებ:
„ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 2013 წლის 5 თვეში გაიწია მნიშნელოვანი ხარჯები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში დაიხარჯა 153 მლნ ლარი, რაც 53.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით - 779,5 მლნ ლარი, რაც 73 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის 5 თვის მონაცემებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა - 165,1 მლნ ლარი, რაც 22.3%-ით (30 მლნ ლარი) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივნისს, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ფინანსთა მინისტრმა მათ გააცნო საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით არსებული ვითარება და ისაუბრა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.