დღეს, 4 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ტრანსკავკასიურ სადისტრიბუციო კომპანიასა და იტალიურ კომპანია SAFE-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, რითიც ტრანსკავკასიურ სადისტრიბუციო კომპანიას მიენიჭება SAFE-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. SAFE-ს ბ/ა-ის კომპრესორები 2005 წლიდანაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე.
იტალიური კომპანია SAFE 1975 წლიდან შეიმუშავებს და ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს გაზ- გასამართი სადგურებისთვის. 1980 წლიდან კი გახლავთ მსოფლიო ლიდერი ბუნებრივი აირის კომპრესორების წარმოებაში. ყოველწლიურად კომპანია აწარმოებს და ახდენს ბუნებრივი აირის 550 - ზე მეტი კომპრესორის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SAFE ფლობს EN ISO 9001:2008 სტანდარტის სერთიფიკატს.
კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალის შემდეგ გაიმართება უშუალოდ ბრენდის პრეზენტაციაც, რომელსაც SAFE-ის ტოპ-მენეჯმენტი წარადგენს. პრეზენტაციის დაესწრებიან საქართველოს ბაზარზე არსებული გაზგასამართი სადგურების ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას SAFE-ის პროდუქტებზე და მათ უპირატესობებზე.
აღნიშნული ხელშეკრულება ტრანსკავკასიურ სადისტრიბუციო კომპანიას საშუალებას მისცემს საქართველოში გაზ-გასამართი სადგურების ოპერატორ კომპანიებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება და სათადარიგო ნაწილები.
მასალის გამოყენების პირობები