ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის ინიციატივით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ციკოლია.
ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახული, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში არსებული ძირითადი პრიორიტეტები და მათი განხორციელების გზები იყო. გიორგი კვირიკაშვილმა ევროპელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ. მინისტრმა ელჩებთან ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და მათი გატარების პროცესში არსებული გეგმების შესახებ. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ, მათი მხრიდან დაისვა შეკითხვებიც, რაზეც სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.
შეხვედრა თბილ, კონსტუქციულ გარემოში წარიმართა, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა. ამასთან, საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და გაღრმავების აუცილებლობას - შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები ორივე მხარის ძალისხმევით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.