2013 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი არ გადაიხედება, აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს. სამინისტრო 2013 წლის ეკონომიკური ზრდის 6 %-იანი ზრდის მაჩვენებლის გადახედვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე დაწია. გავრცელებული ინფორმაციით, EBRD-მა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 3%-მდე შეამცირა. ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2013 წლისთვის 3,5% იქნება.
სარეიტინგო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს: ზომიერ სახელმწიფო ვალს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის ძლიერ პოტენციალს, ინსტიტუტების ხარისხის მზარდ გაუმჯობესებას და პოლიტიკური ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.
სუსტ მხარებად მიიჩნევა: საგარეო რისკებისადმი დაუცველობის მაღალი დონე, ფულადი პოლიტიკის შეზღუდული მოქნილობა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დაბალი დონე.