ENG / RUS       12+

ირაკლი ალადაშვილი: საქართველო თალიბების თვალში დაფიქსირდა, როგორც ”ISAF”-ის ოპერაციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ქვეყანა

რესპოდენტის შესახებ

თალიბებმა მასშტაბური თავდასხმისათვის ქართველი სამხედროების ბაზა აირჩიეს. ეს იყო ყველაზე მასშტაბური და მიზნობრივი თავდასხმა ქართველ სამხედროებზე. თალიბების ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"   სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალი"-ს მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

-   მასშტაბური ტერორისტული თავდასხმისათვის მაინცდამაინც ქართველი სამხედროების ბაზის არჩევა არის თუ არა შეტყობინება  ჩვენი ქვეყნისათვის?

-  შეტყობინებაზე ვერ გეტყვით, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ მოხდა კონკრეტული, მიზნობრივი თავდასხმა  სწორედ ქართველ სამხედროთა ბაზაზე  უკვე სერიოზული შეშფოთების საბაბს იძლევა.  აქამდეც ყოფილა თავდასხმები, მაგრამ ეს თავდასხმები იყო ძირითადად ნაღმსატყორცნების საშუალებით - ერთი, ორი გასროლით და ისინი ასეთი მასშტაბური არ ყოფილა. ამ  შემთხვევაში კი მოხდა კომბინირებული თავდასხმა.  ჯერ თვითმკვლელმა დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქა  შესასვლელთან, ხოლო შემდგომ მოხდა თავდასხმა უკვე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით - შეტევა ფაქტობრივად. ისინი თვითმკვლელები იყვნენ და  იცოდნენ, რომ ვერ გადარჩებოდნენ.  სხვათა შორის, ანალოგიური  სცენარით,  აქამდე სამი-ოთხი თავდასხმაა მომხდარი.  გადაღებულიც კი არის თვითონ თალიბების მიერ ამერიკულ ბაზას ამ სცენარით როგორ ესხმიან თავს.  მათი ერთგვარი ახალი ტაქტიკა არის.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი კონტიგენტი არა თუ გამოდის ავღანეთიდან, არამედ რაოდენობრივად იზრდება კიდეც?

-  თავის დროზე ავსტრალიას ჰყავდა 1550 კაციანი კონტიგენტი  და ჩვენ ახლა მათაც გადავაჭარბეთ,  დაახლოებით 1600–მდე სამხედრო გვყავს ავღანეთში.  ჯერ კიდევ ერაყში სამშვიდობო ოპერაციის დროს, 2003 წლის ზაფხულში, დაახლოებით 80 კაცით დავიწყეთ და ბოლოს, ხუთი წლის შემდეგ,  2008 წლის ზაფხულში, აგვისტოს ომის წინ  2000-მდე კაცი გვყავდა უკვე იქ. მაშინაც ეს არ იყო სწორი -  მაშინ ეს  იყო საქართველოს სახმელეთო ჯარების დაახლოებით 10 %, რომელიც გვყავდა ერაყში გაგზავნილი და ეს ხდებოდა იმ დროს,  როდესაც დღედღეზე ველოდებოდით რუსეთთან ომს და ასეც მოხდა, სამწუხაროდ. მათ ჩამოყვანა სამი დღის შემდეგ მოახერხეს ამერიკელებმა, მაგრამ მათ, ფაქტობრივად ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ იმიტომ, რომ ყველაფერი მანამდე დამთავრდა. ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, აღარ არსებობს ისეთი ღია აგრესიის საფრთხე რუსეთის მხრიდან, როგორიც ვთქვათ იყო 2008 -ში ან შემდგომ, ერთი-ორი წლის განმავლობაში იყო. მაგრამ 1600 კაცის გაგზავნა მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, რადგან ეს ზრდის შესაძლო თავდასხმებისა და შესაძლო მსხვერპლის ალბათობას.

თავდასხმებისა და მსხვერპლის ალბათობის ზრდის პარალელურად, თალიბების მხრიდან  ხომ არ იზრდება აგრესია კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ?

- მათ მაგივრად ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე მათ თვალში დაფიქსირდა როგორც ცალკე, მოწინავე დონეზე მყოფი ქვეყანა,  როგორც ამერიკის შეერთებული შტატები დაბრიტანეთია, ანუ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე "ISAF"-ის ოპერაციისა, რასაც ხელი შეუწყო იგივე პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის მხრიდან  ამის პიარმა საერთაშორისო დონეზე: აი, ჩვენ ვაგზავნით, აი, ჩვენ ვზრდით კონტიგენტს - და ისინიც მიაქცევდნენ ამას ყურადღებას  - ეს გარდაუვალი იყო. ასე რომ, თავიდანვე ვამბობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში  უნდა მიგვეღო  აუცილებლად მონაწილეობა, თუ გვინდა ნატოსთან და დასავლეთთან დაახლოება, მაგრამ ეს შეიძლება  ყოფილიყო იმ დონის, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს შეესაბამება. ეს შეიძლება ყოფილიყო მონაწილეობა საშტაბო ოფიცრების, სამხედრო ექიმებისა და სამხედრო ინსტრუქტორების დონეზე, რომლებიც ნაკლებად იქნებოდნენ ჩართულნი უშუალოდ მოქმედებებში.

-   არის  მოსაზრება, რომ ჩვენი სამხედროები იქ  დიდ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ...

-   რა თქმა უნდა, ისინი იღებენ საბრძოლო გამოცდილებას, მაგრამ აქ გასათვლელია, თუ რა სახის საბრძოლო გამოცდილებას იღებენ ისინი იქ.  ავღანეთში მიმდინარეობს ანტიპარტიზანული ბრძოლა "ISAF"-ის  მიერ და ძალებიც განსხვავებულია. ერთ მხარეს, ნატოს "ISAF"-ის  წევრი ქვეყნების მხარესაა ყველაფერი - დაწყებული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებიდან,  კოსმოსურ სადაზვერვო თანამგზავრებამდე, ტანკები, ქვემეხები  - ყველაფერი, მეორე, თალიბების მხარეს კი არის მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატი, ყუმბარსატყოცნი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეს ანტიპარტიზანული მოქმედების გამოცდილება კარგია ჩვენთვის, მაგრამ ეს არის კარგი იმ პირობებში, როდესაც შენ  უკვე აკონტროლებ ტერიტორიას და უკვე მის გაწმენდას ახდენ ადგილობრივი, ვთქვათ სეპარატისტებისგან ან სხვა დანაყოფებისგან.  მაგრამ როდესაც რეალობას ვაკვირდებით, იმას რაც მოხდა 2008 წელს,   ჩვენდა სამწუხაროდ შეიძლება პირიქით, ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც აქეთ მოგვიწიოს პარტიზანული პრინციპით მოქმედება. ყოველ შემთხვევაში, აგვისტოს ომის შემდეგ ამის დიდი ალბათობა იყო.   ვთქვათ, აგვისტოს ომის დროს, ჩვენ  გზებზე რომ  გამოგვეყენებინა ის პირდაპირი ტაქტიკა, რასაც თალიბები იყენებენ,  შესაძლებელი იქნებოდა ბევრად უფრო შეფერხებულიყო რუსების შემოჭრა ერთის მხრივ ცხინვალის რეგიონისა და როკის გვირაბის მხრიდან, ისევე დასავლეთის მიმართულებიდან ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით. ასე რომ, გამოცდილება რასაც  ჩვენ ვიღებთ იმ ასიმეტრიული ომიდან, რომელიც მიმდინარეობს ავღანეთში  გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ კი შენ უკვე სრულ სტრატეგიულ უპირატესობას ფლობ, შენია ტერიტორია და ახდენ უკვე მის გაწმენდას.

რამდენად რეალურია  ტერაქტების საფრთხე უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში?

-  არ გვინდა არავის შეშინება, მაგრამ ამისგან  დაზღვეული არავინაა. დაზღვეული არ არის, ისეთი ძლიერი სპეცსამსახურების მქონე ქვეყნები, როგორც არის აშშ, იგივე ევროპა, რუსეთი - ეს ხდება ყველგან.  უბრალოდ მეტი ყურადღებაა საჭირო ყველასგან როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისგან ისევე თითოეული მოქალაქისგან, რომ მან არ დაიზაროს და თუ რამე საეჭვო შეამჩნია, შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.  

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

 

ავტორი: . .