ENG / RUS       12+

მარინა მეტრეველი: ტურისტი რომ მოიზიდო, მას იაფი განთავსების პირობები უნდა შეუქმნა

რესპოდენტის შესახებ

სახელმწიფომ ტურისტების მოსაზიდად ყოველწლიური ღონისძიებები და სარეკლამო კამპანიები აქტიურად უნდა აწარმოოს და ტემპი არ უნდა დააგდოს.  ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი მარინა მეტრეველი, რომელიც ამავდროულად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი სპეციალისტია, აცხადებს, რომ ტურისტული აქტიობები ყველა ქვეყანაში მუდმივი პროცესია და ის არ შეიძლება იყოს ერთ  წელს დიდი რაოდენობით და მეორე წელს შემცირებული. ექსპერტი ტურიზმის საკითხებში აცხადებს, რომ სხვადასხვა სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიებით საქართველოში ტურისტების მოზიდვა შესაძლებელია, თუმცა კონკურენციის პირობებში, მთავარი აქცენტი  მათ შენარჩუნებაზე უნდა გაკეთდეს. არის თუ არა დამაკმაყოფილებელი ტურიზმის სექტორში დღეისათვის არსებული ვითარება და როგორია ახალი მთავრობის მიდგომები ტურიზმის განვითარებისთვის? ამ საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი მარინა მეტრეველი ესაუბრა.

- ტურიზმის სექტორში რომ განვითარების შენელებული ტემპია, ეს ყველაფერი უკვე იგრძნობა. არ მიმდინარეობს ის სარეკლამო კამპანიები, რომელიც ადრე ასე თუ ისე მაინც მიმდინარეობდა. ამ ყველაფერს  დადებითი ეფექტიც ჰქონდა ტურისტების მოზიდვისთვის. თუმცა, ვერც იმას გეტყვით, რომ ის მიდგომებიც გამართლებული იყო. მაშინდელი პოლიტიკა  სტრატეგიულად არ იყო გათვლილი. მე როგორც ვფიქრობ, რეკლამაზე უფრო მეტი იხარჯებოდა, ვიდრე სახელმწიფო ტურისტებიდან შემოსავალს იღებდა. თუმცა ასეთი, რამ დასაწყისისთვის ყველა ქვეყანაში  ხდება, ხოლო შემდგომ განვითარების პროცესში ეს შემოსავლები მატულობს და აჭარბებს იმ დანახარჯებს, რომელიც იხარჯება ტურიზმის განვითარებისთვის. თუმცა ასე  ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც კარგადაა გათვლილი ტურიზმის განვითარების სტრატეგია. საქართველოში ჯერ-ჯერობით ასეთი რამ არ არსებობს. როგორც ვიცი, საქართველოში ევროკავშირის პროექტი ხორციელდებოდა, რომლის მიხედვითაც ტურიზმის ახალ კანონთან მიმართებაში ახალი რეკომენდაციები უნდა დადებულიყო, რადგანაც ტურიზმის კანონი ძალიან მოძველებულია და დღევანდელ მოთხოვნებს საერთოდ ვერ პასუხობს. ასევე უნდა დადებულიყო რეგიონებში ტურიზმის განვითარების კონცეფცია, ავსტრიული მოდელების გათვალისწინებით.

  - ავსტრიულ მოდელებში რა იგულისხმება, როგორი უნდა იყოს ავსტრიული გამოცდილებით რეგიონებში ტურიზმის განვითარების კონცეფცია?

 - აღნიშნული მასალები პარლამენტის სახელით რამდენჯერმე ვითხოვე, თუმცა არ მომაწოდეს. მითხრეს, რომ თარგმნის და განხილვის პროცესშია და ვერ მოგაწვდითო. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელიც სამწუხაროდ ექსპერტების ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული. როგორც წესი არასამთავრობო სექტორი - ეს არის შუა რგოლი კერძო სექტორსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის, რომელთაც  შეუძლიათ მხოლოდ ის პრობლემები გაახმოვანონ მთავრობასთან, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია. თუმცა ექსპერტთა დასკვნები, თუ როგორ უნდა მოხდეს პრობლემების გადალახვა, ამაზე რასაკვირველია, ექსპერტებმა უნდა იმუშაონ. აქედან გამომდინარე,  ეჭვი მეპარება, რომ ამ მომენტში, სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე რაიმე კარდინალური ნაბიჯები იდგმება, რათა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეეწყოს ხელი. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო.

- სტატისტიკური ინფორმაციით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული.

 - სტატისტიკას არ ვენდობი. არ ვარ დარწმუნებული შარშან აჭარაში რა რაოდენობა ტურისტებიც იყო დეკლარირებული, რეალურად მართლაც იმყოფებოდნენ თუ არა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავი ბათუმში და ვნახე რომ ტურისტების რაოდენობა გაზრდილი იყო, მაგრამ მათი რაოდენობა მილიონი ნამდვილად ვერ იქნებოდა.

  - ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჯერ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და შემდგომ თანმიმდევრულად ტურიზმი. წინა ხელისუფლების დროს ასეთ თანმიმდევრობას პრიორიტეტი არ ქონდა მინიჭებული. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას წლები ჭირდება და ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარებისთვის არაფერი  უნდა აკეთოს? ასეთი უმოქმედობით, უკვე მოზიდულ ტურისტებსაც ხომ არ დავკარგავთ?

 - ტურიზმი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის  განვითარებას უწყობს  ხელს, არამედ  ტურიზმის განვითარება ტრანსპორტის, მშენებლობის, გართობის ინდუსტრიასთან და სხვა მრავალი დარგის განვითარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული. ტურიზმის განვითარების კავშირი მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორთან, რბილად რომ ვთქვათ, არის არასწორი მიდგომა. ტურიზმისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება რას ნიშნავს? თუნდაც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები იქნება მთავარი მოტივაცია ტურისტების მოსაზიდად და ამიტომ შემოვლენ  ქვეყანაში?  ყველა დარგი უნდა განვითარდეს თანმიმდევრულად, ტურიზმთან ერთად. ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ რეგიონებში ტურიზმის განვითარების თანამედროვე მოდელები შემუშავდებოდა. რეალურად რას აპირებს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის განვითარების მიმართულებით დღეს, პასუხი გამიჭირდება.

 - ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციას არ ჰყავს ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მხრიდან  რაზე უნდა მიანიშნებდეს? ვერ მოხერხდა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის პოვნა, თუ დარგის განვითარება მათთვის პრიორიტეტული აღარ არის.

 - ტურიზმის ადმინისტრაციას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. ნამდვილად არ ვიცი ან მოვალეობის შემსრულებელს რატომ არ ამტკიცებენ, ან კონკურსის წესით რატომ არ ხდება შერჩევა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ალბათ არის ის, რომ ზოგიერთი დარგის განვითარების მიმართ პოლიტიკა გააქტიურებულია, ხოლო ზოგიერთის მიმართ კი  პრიორიტეტები ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი. იმედი მაქვს რომ მალე ყველაფერი დასტაბილურდება და მთავრობის ყურადღება გადანაწილდება იმ დარგებზეც, რომელიც მართლა პრიორიტეტულია ქვეყნისთვის.

 - იმისათვის, რომ დარგი განვითარდეს ოპტიმალური ვარიანტი ხომ არ იქნება ამ დარგში მომუშავე კომპანიებს, აქცენტს ვაკეთებ მცირე და საშუალო ბიზნესზე, გარკვეული შეღავათები დაუწესდეს. ან თუნდაც განხორციელდესიაფი კრედიტის" პროგრამა, რათა რეალურად ბიზნესი განვითარდეს და შემდგომ მეტი გადასახადის გადახდაც შეძლოს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს. რეალურად ადრეიაფი კრედიტის" პროგრამაზე საუბარი იყო, თუმც არ დაწყებულა...

 - როდესაც ვსაუბრობ დარგის განვითარების პოლიტიკაზე, უპირველესად ვგულისხმობ იმ ფაქტს რომ  უნდა არსებობდეს  დოკუმენტი, სტრატეგია, კონცეფცია, ვთქვათ 5-10-წლიანი, რომელშიც უნდა იყოს გაწერილი თუ როგორ და რა მიმართულებით  უნდა განვითარდეს სექტორი. ასეთი რამ დარგს არ ჰქონია და არც დღეს არ აქვს. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს კრიზისულ მენეჯმენტსაც, თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის მართვა, რათა სექტორის განვითარება არ შეიზღუდოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პერიოდებში. ბოლო დროს ბევრი სასტუმრო გაიხსნა, თუმცა ამ სასტუმროებში ტურისტების იმ რაოდენობას, რაზეც ისაა გათვლილი, ვერ ვხედავ. ექსპერტული დასკვნა უნდა ყოფილიყო, სჭირდებოდა თუ არა, მაგალითად, ბათუმს იმ ზომის სასტუმროები, რომელიც იქ აშენდა. ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს სტრატეგიულად. ვფიქრობდი, რომ ტურიზმის განვითარება სწორედ რეგიონებიდან უნდა დაწყებულიყო, რადგან ადგილებზე სამუშაო არ არის და ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია თბილისში. რეგიონებში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. უნდა აშენდეს მრავალი  2-3-ვარსკვლავიანი  და არა 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, როგორც დღემდე იგეგმებოდა და შენდებოდა. საქართველო იმდენად პატარაა ქვეყანაა, რომ ადამიანი ერთ ადგილზე 2 დღეზე მეტს იშვითად ათევს. ის მოგზაურობს და ამიტომ დღეს ქვეყნისთვის არაყაირათიანია დიდი სასტუმროების მშენებლობა. ტურისტები ხშირად მეკითხებიან - რატომ არ გაქვთ 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროები, რათა ჩვენ იაფი გვიღირდეს საქართველოს ერთ ქალაქში გაჩერება და შემდეგ მეორე ქალაქში გადაადგილება. აჭარა არ არის თურქეთის რომელიმე კურორტი, სადაც 2 კვირით ჩადის ტურისტი და ერთ ადგილზე, ერთ სასტუმროში იღებს ყველა იმ მომსახურებას, რომელიც მას სურს. დაიწყება თუ არა წვიმები, აღარავინ აღარ ჩერდება ბათუმში, ქობულეთში და ზღვის სანაპირო კურორტებზე. საქართველოში უნდა აშენდეს პატარა სასტუმროები, მოტელები, გზებზე დასასვენებელი ადგილები. ხშირად მიწევს დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება და გზაზე ერთ ადგილს ვერ იპოვით, სადაც კომფორტულად გაჩერება და წახემსებაა შესაძლებელი. ირგვლივ ანტისანიტარია და მომსახურების უდაბლესი დონეა.  საპირფარეშოში საერთოდაც ვერ შეხვალ. ტურისტი თუ გინდა მოიზიდო და მოტივირებული გახადო იმოგზაუროს შენს ქვეყანაში, მას იაფი განთავსების პირობები უნდა შეუქმნა. კარგი მომსახურების შეთავაზებით არა მხოლოდ ტურისტთა რაოდენობის ზრდაა შესაძლებელი, არამედ გაიზრდება მათ მიერ მოგზაურობისას დახარჯული თანხებიც და შესაბამისად ქვეყანა მათგან მეტ მოგებას მიიღებს.

 - ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხშირად აცხადებს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ტურიზმის კანონმდებლობის შემუშავებაზე. თქვენ როგორც პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობთ, ან თუნდაც როგორც ექსპერტი, თუ ხართ ჩართული ამ პროცესებში, ან ხომ არ ყოფილა ამ მიმართულებით კონსულტაციები?

 - წინა ხელისუფლების პერიოდში ევროკავშირის ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ერთ შეხვედრაზე მართლაც ვიყავი, თუმცა ისეთი აბსურდული წინადადებები ჰქონდათ, რომ კამათიც კი მომივიდა. მე მათ ავუხსენი, რომ კანონმდებლობაზეა საუბარი და არა რომელიმე სასტუმროს განვითარების სტრატეგიაზე, თუმცა მას მერე განხილვაზე აღარავის მივუწვევივარ. რადგან პარლამენტში ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი ტურიზმთნ დაკავშირებულ საკითხებს ეხება, ამიტომ 4 წლის წინ საკუთარი ინიციატივით დავწერე ახალი ჩარჩო-კანონი ტურიზმში, თუმცა მაშინ ვერავინ დავაინტერესე ვერც პარლამენტში და ვერც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განხილულიყო ჩემს მიერ გაკეთებული კანონი და ჩაენაცვლებინა ძველი, რომელიც ახალ, თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნებს დიდი ხანია ვეღარ პასუხობდა. ჩემდა გასაკვირად, სწორედ ჩემი თხოვნის შემდეგ მოინდომეს  და ოფიციალურად ევროკავშირთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წერილობითი თხოვნის საფუძველზე 900-ათასევროიანი პროექტის განხორციელება დაიგეგმა ახალი კანონის შესამუშავებლად. ეს პროექტი 2 წელი ხორციელდებოდა და წელს მარტში დამთავრდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით შეიმუშავეს საკანონმდებლო რეკომენდაციები და რეგიონებში ტურიზმის განვითარების ავსტრიული მოდელი, ჩატარდა რამდენიმე ტრეინინგი და სამუშაო შეხვედრები საქართველოსა და ავსტრიაში. როგორც ბოლოს გაირკვა, არც რეკომენდაციები და არც რეგიონებში ტურიზმის განვითარების მოდელები არ მოიწონეს და ახლა მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოების გადამუშავება. ვერ მივხვდი ამდენი წელი რატომ უნდა გვეცადა და ამდენი ფული რატომ უნდა დახარჯულიყო, თუ ეს შედეგი მივიღეთ. ახლა კი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის ასე საჭირო ახალი „საქართველოს კანონი ტურიზმის შესახებ" რამდენ ხანში ექნება დარგს, არავინ იცის. გაუგებარია რამდენად გამართლებული იყო 900 ათასი ევროს დახარჯვა და ისიც უცხოელ ექსპერტებზე, როცა  2 თვე დამჭირდა, რომ ადგილზე ევროპული კანონმდებლობის გათვალისწინებით ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კანონი დამეწერა ტურიზმში, რომელიც დღესაც საწერი მაგიდის უჯრაში ძველდება. დღეს მინდა ყველას ვისაც დარგის განვითარებაში რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია, მთავრობას ვგულისხმობ, გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი რაც ტურიზმის დარგს, არა მხოლოდ ჩემი სახით, ჰყავს საქართველოში, რათა უმოკლეს დროში და დანახარჯების გარეშე შემუშავდეს, ტურიზმის დარგის მდგრადი განვითარებისათვის,  უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დოკუმენტები - სტრატეგია და კანონი, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც მილიონამდე ევრო ტყუილად აღარ გვაქვს დასახარჯი.

 

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე

ავტორი: . .