ENG / RUS       12+

ექსკლუზივი - ნაღმი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს - ახალი ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე

სამი დიდი მუსულმანური სახელმწიფო - აზერბაიჯანი, ირანი და ერაყი ქვემო ქართლში გავლენის მოსაპოვებლად იბრძვის

"ეს არ არის ხელჩართული ბრძოლა იარაღის კომპონენტით. აქ ბრძოლა მიდის მორწმუნეებსა და საზოგადოებაზე გავლენის მოსაპოვებლად. გავლენის მოპოვების პროცესში კი მთავარ იარაღად რელიგია არ გამოიყენება, მთავარ იარაღად გამოიყენება პირადი ავტორიტეტი და ფული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქვემო ქართლში მოქმედი ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტივისტმა. მისივე ინფორმაციით, რეგიონში ძირითადად ისლამის შიიტური მიმდინარეობის სახელმწიფოები იბრძვიან. ამის მიუხედავად, ძლიერი გავლენები აქვთ ვაჰაბიტურ ორგანიზაციებს, რომლებიც მართალია ჯერჯერობით შიიტებს ვერ "ჯაბნიან", მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომხრეებს იკრებენ.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მართალია ერაყი აქ მხოლოდ ორგანიზაციებით არის წარმოადგენილი და მისი ბრძოლა ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, იგი ამ პროცესში თამაშგარედ დარჩენილი მაინც არ არის.

როგორც სააგენტოსთან საუბარში, ქვემო ქართლში მოქმედი ერთ-ერთი "საგანმანათლებლო" ორგანიზაცის წევრი განმარტავს, ბრძოლა გავლენისათვის, (ჯერჯერობით მხოლოდ გავლენებისთვის) შიდაბრძოლის ხასიათს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის, მაგრამ ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ საბოლოო ჯამში თუ ამას ყურადღება არ მიექცა და ყოველივე ეს გარკვეულ ჩარჩოში არ მოექცა, შედეგი იქნება საკმაოდ მძიმე და "ბრძოლას" ანტისახელმწიფოებრივი სახე მიეცემა. წყაროს ინფორმაციით, ქვემო ქართლიდან სხვა და სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებში ადამიანები განათლების მისაღებადაც მიჰყავთ, ძირთადად ირანის სასულიერო სასწავლებელებში. თუმცა არის შემთხვევები, რომ გადიან საერო განათლების მისაღებადაც. მისივე განმარტებით, საერო განათლების მისაღებად წასული ადამიანების უმრავლესობა უკან არ ბრუნდება. უკან მხოლოდ სასულიერო განათლება მიღებული პირები ბრუნდებიან.

სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ მოსახლეობაში შიიტიზმი ტრადიციული მიმდინარეობაა და თურქული გავლენები 90 -იანი წლებისგან განსხვავებით დღეს ქვემო ქართლში მინიმალურია. თურქეთი აქ გავლენის შენარჩუნებას ზოგიერთი ეკომიგრანტული თემის მეშვეობით ანუ აჭარიდან გადმოსახლებულების ხარჯზე მაინც ახერხებს. ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ რეგიონში ძირითადად მაინც შიიტური ორგანიზაციები და ქვეყნები აქტიურობენ.

გავლენის მოპოვების მთავარ იარაღად გამოიყენება ავტორიტეტი და ფული. სწორედ ამ ორი კომპონენტის მეშვეობით ცდილობენ აქ ხალხის გადაბირებას.

"ხალხს ფულსაც ურიგებენ, ხელფასზეც ჰყავთ აყვანილი თავისი ე.წ. ემისრები. ხელფასი სიმბოლურია - 400 ლარი. არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ფულს იღებენ და ასრულებენ ე.წ. ემისრის მოვალეობას საზოგადოებასთან საუბრით, დარწმუნებით და ა.შ. არჩევენ ავტორიტეტულ ადამიანებს. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება პერსპექტიულ ახალგაზრდებზე. რა თქმა უნდა ახალგაზრდების პირადი მისწრაფებები და შესაძლებლობებიც კლასიფიცირებულია. იმ ვითარებაში, როდესაც ქვემო ქართლის ბევრ სოფელში სოციალური მდგომარეობა საკმაოდ რთულია და განათლების დონე სავალალო, უბრალო ადამიანები იოლად მიყვებიან ამ ე.წ. ემისრებს", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" წყარო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არც ახალი ხელისუფლების პირობებში არსებული ტენდენციის საპირისპირო მექანიზმები "ცენტრიდან არ ჩანს".

"რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისთვის თითქოს უცნობია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. არ ვფიქრობ, რომ ამ ვითარების რაიმე სახის კონტროლი ხდებოდეს. ერთადერთი, შესაძლებელია, მხოლოდ ინფორმაციები გროვდება. მაგრამ აქაც არის კითხვა. თუ ამ ინფორმაციების სწორი ანალიზი ხდება, მაშინ, გაუგებარია რატომაა პროცესები ასე მიშვებული?", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" წყარო.

აღნიშნული ინფორმაციასთან დაკავშირებით, ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით:

- მართალია ბრძანდებით, ეს არ არის ხელჩართული ბრძოლა იარაღის კომპონენტით. დღეს პირიქით, მაქსიმალურად ლოიალურია აზერბაიჯანული მოსახლეობა სახელმწიფოს მიმართ და უნდა ითქვას, რომ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ბრძოლაში მონაწილეობენ, ისინიც ითვალისწინებენ ხალხის განწყობას და არ ცდილობენ ანტისახელმწიფოებრივი მუხტის გაღვივებას. საქმე იმაშია, რომ ჯერ-ჯერობით ბრძოლა მიმდინარეობს ერთმანეთში გავლენებისათვის - შიიტებსა და შიიტებს შორის, მაგალითად ირანსა და აზერბაიჯანს შორის. რაც შეეხება ვაჰაბიტურ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა ისინიც ცდილობენ გავლენის მოპოვებას. ისინი ეწინააღმეგებიან შიიტიზმის გავლენის გაძლიერებას - მოკლედ შიდა ბრძოლაა.

- დიდი ხანია ეს "ბრძოლა" მიმდინარეობს?

- 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეა, მაგრამ თუ ადრე თურქეთის გავლენა სერიოზული იყო დღეს ასე აღარ არის. აქტიურ ფაზაში ეს ბრძოლა კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ამას არა აქვს რაღაც ისეთი, განსაკუთრებული გამომწვევი გარეგნული იერი. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ახალგაზრდა სასწავლებლად წაიყვანეს სხვა და სხვა რელიგიურ სასწავლებლებში, არაბულ სამყაროშიც ბევრი იმაღლებს თავის რელიგიურ ცოდნას. მაგალითად, მე ვიცი, რომ ზოგი მათგანი უკვე 10 წელზე მეტია ცხოვრობს იემენში, საუდის არაბეთში, ქუვეითში და იქიდან ცდილობენ ასე ვთქვათ პროცესებზე ზეგავლენას ქვემო ქართლში. მთავარი აქ მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის შიიტურ სახელმწიფოებს შორის გარკვეული ბრძოლა გავლენებისთვის და მოკლედ, ერთგვარი რელიგიური აჯაფსანდალია.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ სასულიერო განათლება მიღებულები ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან ავტორიტეტულად გამოიყურებიან ქვემო ქართლში და ისინი თითქმის ავტომატურად ხდებიან მთელი სოფლისა თუ ადამიანების ჯგუფის ლიდერები

- საქმე ის არის, რომ ქვემო ქართლმა ბევრი განათლებული ადამიანი მისცა აზერბაიჯანულ სივრცეს. მაგრამ ამ ადამიანების დიდი ან გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად უკან არ ბრუნდება. ვისაც საერო განათლება აქვს მიღებული ისინი სხვა და სხვა თანამდებობას თუ მდგომარეობას იკავებენ აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც. უკან საერო განათლებამიღებული ადამიანების დიდი ნაწილი არ ბრუნდება, და სასულიერო განათლებამიღებულების დიდი ნაწილი ბრუნდება.

- რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მუსულმანთა სამმართველო ? თავად საქართველოში მცხოვრები მუსულმანები აცხადებენ და ეს "ჯი-ეიჩ-ენსაც" განუცხადეს, რომ საქართველოს მუსულმანთა სამმართველოს შიიტური მიმართულების ხელმძღვანელი შეიხი ვაგიფ აკპეროვი მინიმალური ავტორიტეტით სარგებლობს. აცხადებენ, რომ ის ხელოვნურად, კონიუქტურიდან გამომდინარე დაინიშნა ამ თანამდებობაზე.

- ვაგიფ აკპეროვიც და სხვათა შორის აჭარის მუფტიც გასული წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდნენ ევრაზიულ-ისლამურ კონფერენციაზე. ეს იყო თურქეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სადაც აფხაზეთი წარმოდგენილი იყო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და არც ერთს პროტესტი ამის გამო არ გამოუთქვამს. ერთი ადამიანი, რომელმაც პროტესტი გამოთქვა იყო ალაჰშუკიურ ფაშაზადე - აზერბაჯანის მუფტი და კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი. ხოლო საქართველოს წარმომადგებლებს მათ შორის არც აკპეროვს და არც აჭარის მუფტის არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ. აქედან გამომდინარე, ხედავთ როგორ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ ეს ადამიანები და განსაკუთრებით შეიხი აკპეროვი.

- ახლახანს შეიქმნა ორგანიზაცია საქართველოს პატრიოტ აზერბაიჯანელთა კავშირი, რომელიც უპირისპირდება სწორედ ამ შეიხს და არა მხლოდ მას. უპირისპირდება იმ პროცესებს, რომლებიც ქვემო ქართლში მიმდინარეობს.

- აზერბაიჯანელების ის ნაწილი, რომელიც თავის სამშობლოდ მიჩნევს საქართველოს და ძალიან აქტიურია ამ თავისი პოზიციის გამოხატვაში, მაქსიმალურად ცდილობს ავტონომიური იყოს - სხვა ქვეყნებისგან იყოს ავტონომიური, სხვა გავლენებისგან იყოს ავტონომიური. ისინი მოითხოვენ ისეთი ხელმძღვანელობის შერჩევას, რომელიც მათი ნება-სურვილიდან იქნება გამომდინარე და მეორეც, რომელებიც სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგულნი და რაც მთავარია ექნებათ ავტორიტეტი.

- რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

- ჩვენი სახელმწიფი ამ წუთში ვერაფერსაც ვერ აკეთებს, იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით უზენაესი ხელისუფლებას თავისი დაკავებულობიდან გამომდინარე აქამდე ხელი არ მიუწვდება. თუმცა ვითარების მოგვარების ბერკეტები არსებობს და სიტუაცია მართვადია.

ზოგადად საქართველოს მუსულმანები ექვემდებარებოდნენ ნომინალურად კავკასიის მუსულმანთა ლიდერს ალაჰშუკიურ ფაშაზადეს.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე და რამდენად სწორი იყო ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომ საქართველოს მუსულმანთა თემი გამოეყვანა ამ ადამიანის სისტემის გავლენიდან და შექმნა დამოუკიდებელი მუსულმანთა სამმართველო, რომელიც თავის ფუნქციას ნამდვილად არ ასრულებს, მაგრამ სამაგიეროდ დამატებითი პრობლემები შეიქმნა საქართველომ თავისთვის. ბუნებრივია, ალაჰშიკურ ფაშაზადესათვის მიუღებელი იყო ეს ნაბიჯი. მოკლედ ასეთი არეული სიტუაციაა და დალაგება სჭირდება ამ ყველაფერს.

-და ვინ არის ამ ვითარების დამლაგებელი?

-საქართველოში არის პოლიტიკური ნებაც, არიან პროფესიონალებიც. არის სხვა მრავალი კომპონენტიც, რომელიც ვითარებას დაალაგებს და ამ ყველაფერს სისტემაში მოაქცევს.

-ხელისუფლების დაკავებულობა ახსენეთ და თუ ვერ მოხერხდა ამ სიტუაციის დალაგება სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

- რადგან გესაუბრებით ამ თემაზე, ესე იგი გვაქვს ინფორმაცია და ჩემი ტონი ალბათ გარწუნებთ იმაში, რომ ვიცით როგორ მივხედოთ ამ საქმეს. ახლა პოლიტიკურ ნებაა საჭირო და შესაბამისი, ასე ვთქვათ, სტრუქტურის ამოქმედება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ეკა მომცელიძე

ავტორი: . .