გუდაურის მართვას "გუდაურის განვითარების სააგენტო"განახორციელებს. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა, გუდაურის განვითარების პროექტი კვლავინდებურად გაგრძელდება.
"იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროსგან გაგზავნილი ვიყავი გუდაურის განვითარების ფონდში, რათა სამუშაო პროცესი შემესწავლა. მაისიდან დაფუძნდა ახალო შპს "გუდაურის განვითარების სააგენტო", რომლის ხელმძღვანელადაც დავინიშნე. პროცესები გაგრძელდება. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, გვყავდა საფრანგეთიდან ჩამოყვანილი ერთ-ერთი საუკეთესო მართვის კომპანია "დეზალტი". მათ დაათვალიერეს გუდაური, დაინტერესებულები არიან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება ინვესტიციების განხორციელებაზე, მართვის გადაცემაზე. ჯერ მხოლოდ საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორ განვითარდეს გუდაური, გვინდა გავიზიაროთ მათი გამოცდილება"- განაცხადა ონოფრიშვილმა. როგორც ონოფრიშვილი განმარტავს, არსებობს იდეა, რომ გუდაური მიუერთდეს კობს სასრიალო გზებით და გაკეთდეს საბაგირო, რომელიც დაბა ყაზბეგს გუდაურთან დააკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ გუდაურის მმართველობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეცა. გუდაურის პოპულარიზაციისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტის მმართველობას თბილისის მერია ახორციელებდა. ამ ხნის განმავლობაში, გუდაურში დამონტაჟდა კავკასიის მაშტაბით ყველაზე გრძელი გონდოლა, რომლის სიგრძე 2 450 მეტრია, თითოეულ გონდოლა 10 ადამიანზეა გათვლილი. ის სწრაფია და დანიშნულების ადგილამდე 7 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. კავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო საბაგირო საათში 2 800 მგზავრს ემსახურება.
ახალი გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძებლობა აქვს საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ტურისტულ-სამოგზაურო ინფორმაციას გაეცნოს. გუდაურში აშენდა ასევე ახალი ავტოსადგომები, გზა და გვირაბი, რომელიც ძველ და ახალ გუდაურს ერთმანეთთან აკავშირებს. სათხილამურო გზა 21 კმ.-დან 57 კმ.-მდე გაიზარდა. სპეციალურად დამწყებთათვის და ბავშვებისთვის დამონტაჟდა 400 მ. სიგრძის ბიგელი და 3 მოძრავი ხალიჩა, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი. აშენდა ბენზინ-გასამართი სადგური და სუპერმარკეტი. კურორტის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სოფელ ქუმლისციხესა და დაბა გუდაურში 41 ნაგებობას, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს. თითოეული სახლი თანამედროვე სტანდარტების შესამაბისი ენერგო ეფექტური მასალებით მოპირკეთდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებს.
გუდაურში შენდება რამდენიმე ახალი სასტუმრო, გაიხსნა ვისოლის ბენზინ გასამართი სადგური და მთა უფასო Wi Fi-ით აღიჭურვა. განხორციელებული და მიმდინარე პროექტებზე შეიქმნა სამუშაო ადგილები, დასაქმდა როგორც ადგილობივი ისე თბილისიდან ჩასული ადამიანები.