"საქართველოს ბანკი" სწრაფი გადახდის ბიზნესში კონკურენციის წესების დაცვით შევიდა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური აკეთებს და სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესის მფლობელთა პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
"მაინტერესებს, რას ფიქრობს "საქართველოს ბანკის" მილიონი მომხმარებელი და არა ის, თუ რას ფიქრობს ორი კომპანია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო შეთავაზება, რაც Express pay-ით სარგებლობის შემთხვევაში 0%-იან საკომისიოს გულისხმობს. ჩვენ ვამბობთ, რომ 1 ლარი უდრის 1 ლარს და არა - 0,96 ლარს,"- აღნიშნა გილაურმა. მისივე ინფორმაციით, "საქართველოს ბანკი" სწრაფი გადახდის ბიზნესში კონკურენციის წესების დაცვით შევიდა და ცდილობს, საკუთარი პროდუქტით რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს.
"ეს არის კონკურენცია. "საქართველოს ბანკი" ამ ბიზნესში, რომ არ შემოსულიყო, მომხმარებელი მობილურის ბალანსის შევსებისას 4%-ს გადაიხდიდა და ერთი ლარი ერთი ლარი არ იქნებოდა. Express pay-ს ბიზნესი, ჯამში, მომგებიანია. ჩვენ ვუყურებთ ჯამურ მოგებას და არა - მოგებას კონკრეტულ პროდუქტზე"- გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სწრაფი გადახდების ბაზრის სხვა მოთამაშეებმა "საქართველოს ბანკი" ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართეს.