2013 წლის მარტში 2013 წლის თებერვალთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,4 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2012 წლის მარტთან შედარებით ინდექსის ზრდამ 1,1 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 63,3 პროცენტით. 2013 წლის მარტში 2013 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 0,2 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე: საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (1,9 პროცენტი), დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება (2,3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (2,6 პროცენტი).
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა მარტის თვის ინდექსის პროცენტული ცვლილების მაჩვენებელში -0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
2013 წლის მარტში 2012 წლის მარტთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში 1,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე: საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (3,6 პროცენტი), ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (20,4 პროცენტი).
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 4,2 პროცენტით. შესაბამისად, სექციის წვლილმა მოცემული პერიოდის ინდექსის მთლიან ცვლილებაში -0,65 პროცენტული პუნქტი შეადგინა.