ENG / RUS       12+

გიორგი გახარია: საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, ქვეყანაში საშუალო ფენა არ შეიქმნება

რესპოდენტის შესახებ

ბიზნესომბუდსმენის მთავარი ფუნქცია ბიზნესის დარღვეული უფლებების გამოვლენა და მათი აღდგენაა. ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას განმარტებით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არ არსებობდა ნორმალური კომუნიკაცია, ბიზნესის პრობლემები გროვდებოდა და მათი კომპლექსური განხილვა ვერ ხდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში "დაჩაგრული" ბიზნესმენების ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი მიმართვიანობა მაღალია. ბიზნესში დაგროვილ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ "ჯი-ეიჩ-ენი" გიორგი გახარიას დაუკავშირდა.

- და მაინც, თქვენ ხართ საგადასახადო თუ ბიზნესომბუდსმენი?

- ამ ინსტიტუტს ოფიციალურად ადრეც საგადასახადო ომბუდსმენი ერქვა, თუმცა საზოგადოება მას ბიზნესომბუდსმენის სახელით იცნობდა.
კანონმდებლობით, ეს ინსტიტუტი საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლით რეგულირდება, სადაც გაწერილია დასახელება „საგადასახადო ომბუდსმენი". მას საკმაოდ ფართო ფუნქციები აქვს, თუმცა საკონონმდებლო ცვლილება, რომ მან სახელი შეიცვალოს, დღის წესრიგში დგას. ამის შესახებ ბიზნესმენებთან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის შეხვედრაზეც ითქვა. ამდენად, ის, რომ საგადასახადო ომბუდსმენს დაერქვას ბიზნესომბუდსმენი, ფაქტობრივად მხოლოდ დროისა და დისკუსიის ფაქტორია.

- ამას ცვლილებების შეტანა მხოლოდ „საგადასახადო კოდექსში" დასჭირდება, თუ რამდენიმე კანონში?

- დღეისათვის არსებობს ორი საკანონმდებლო აქტი - „საგადასახადო კოდექსის" 42-ე მუხლი და მეორე - მთავრობის 2011 წლის №92 დადგენილება. ასევე არსებობს შიდა დებულება. ცვლილებისთვის კი მთავარია შესწორება „საგადასახადო კოდექსში" და შემდგომ მთავრობის დებულებაში.

- საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი როგორ შეუწყობს ხელს მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობების დარეგულირებას და როგორ შეასრულებს შუამავლის ფუნქციას?

- აქ მხოლოდ შუამავლის ფუნქციებზე არ არის საუბარი. ომბუდსმენის მთავარი ფუნქცია ბიზნესის დარღვეული უფლებების გამოვლენა და მათი აღდგენაა. შემდგომი ფუნქციაა კანონმდებლობის ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება. იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არ არსებობდა ნორმალური კომუნიკაცია, პრობლემები ბიზნესის არაერთ სფეროში გროვდებოდა, თუმცა მათი კომპლექსური განხილვა ვერ ხდებოდა. მსხვილი ბიზნესი, ასე თუ ისე, საკუთარი რესურსებით ახერხებდა პრობლემების მთავრობამდე მიტანას. ყველაზე დაჩაგრული მაინც საშუალო ბიზნესია, რომელსაც ასოციაციის დონეზე არ ჰქონდა და არ აქვს ძლიერი რესურსი.
დღეისათვის კი ამ პრობლემის მოგვარება ასე წარმოგვიდგენია: ჩვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო იქნება ის საჩივრები, რომლებიც შემოდის. ამ საჩივრების ანალიზი, მათი აუდიტი და შემდგომ კლასიფიკაცია. მეორეს მხრივ იქნება კანონმდებლობის ანალიზი და შემდგომ იმ რეალური კრიტიკული წერტილების გამოვლენა, რომლის განხილვაც დღესაა საჭირო, ასევე ის პრობლემები, რომელთა განხილვა ვთქვათ, კიდევ ერთ თვეს მოითმენს.
ამის გარდა, არის ისეთი პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც დრო სჭირდება, რადგანაც საკანონმდებლო ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
მთავარია პრობლემების შესახებ ინფრომაციის დაგროვება, პირველ რიგში შემოსული საჩივრების, ასევე ასოციაციებთან მჭიდრო კომუნიკაციების მეშვეობით შემდეგ მათი აუდიტი, გრადაცია და გადაჭრა.

- მუშაობისას თუ აღმოჩნდა, რომ არის საკანონმდებლო ხარვეზი, ასეთ შემთხვევაში თქვენ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისთვის მიმართავთ შესაბამის სამინისტროებს, თუ თქვენს კომპეტენციაში შედის ამ ინიციატივის მომზადება და მისი საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება.

- ჩვენ იმის რესურსი, რომ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადოთ არ გვაქვს.

- ადამიანისეულ რესურსებს გულისხმობთ?

- დიახ ადამიანისეულ რესურსებს. ამიტომ ჩვენი ძირითადი ფუნქციაა დავსვათ მწვავე საკითხი, მოხდეს ამ მწვავე საკითხის განხილვა. შევასრულოთ მედიატორის ფუნქცია, ერთის მხრივ სახელმწიფო ორგანოსა და მეორეს მხრივ დაინტერესებულ ბიზნესებს შორის, რომლებიც გვეხმარებიან ამ მწვავე საკითხების აღმოჩენაში და ამ დისკუსიის ფონზე მივაღწიოთ კონსენსუსს, რომელიც შემდგომ სათანადო დონეზე იქნება განხილული.

- პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ახლახან ჩამოხვედით. ქართულ რეალობაში გარკვევა თუ მოახერხეთ, თქვენი გადასახედიდან რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ბიზნესს და გამოსავალი როგორ გესახებათ?

- არის რამდენიმე ძირითადი პრობლემა. არის პრობლემები კონცეპტუალური - პირველ რიგში ის რომ საქართველოს ბაზარი არის მცირე და დაბალმსყიდველუნარიანი. სამწუხაროდ, ამას ემატება კომპეტენციის პრობლემები, უფრო სწორად კომპეტენციის დაბალი დონე. თავიდან ვფიქრობდით, რომ კანონმდებლობით გაწერილი საგანმანათლებლო ფუნქცია დიდ რესურსს არ მოითხოვდა. თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა. განსაკუთრებით რეგიონებში და საშუალო ბიზნესის სეგმენტში.

- ანუ თქვენ გეგმავთ, რომ მეწარმეებს დაეხმაროთ შესაბამისი კომპეტენციების ამაღლებაში?

- ამ პრობლემის გადაჭრაში შევეცდებით ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ, ვფიქრობთ შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან კოოპერირების გზით მათ ელემენტარული საკანონმდებლო ბაზა გავაცნოთ. მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ კომპეტენციის მხრივ, ვგულისხმობ კომპეტენტური იურისტების თუ აუდიტორების მომსახურებას. მეწარმეს, რომლის ბრუნვაც საკმაოდ მცირეა, ამის საშუალება უბრალოდ არ აქვს.

- თუმცა ბატონო გიორგი, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები. ხომ არ გიფიქრიათ, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობით მოაგვაროთ ეს პრობლემა, ანუ ვგულისხმობ კომპეტენციის ამაღლებას და მათ გადამზადებას.

- ვფიქრობთ ამ მიმართულებით. უკვე ვესაუბრეთ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ინტერესთა თანხევდრა, ერთის მხრივ ბიზნესასოციაციები, მეორეს მხრივ სახელმწიფო, რომელიც ასევე დაინტერესებულია. სახელმწიფოსთვის ეს მეწარმეები არიან პირდაპირი კონტრაქტორები. სახელმწიფოც დაინტერესებულია, რომ მათი კომპეტენცია გაიზარდოს. ამ გზაჯვარედინზე შევძლებთ, რომ განვახორციელოთ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.

- როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, ითქვა, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი აღარ იქნებოდა. თუმცა ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა. რა გახდა ამის მიზეზი?

- იყო აზრთა სხვაობა, საჭიროა თუ არა ეს ინსტიტუტი. თუმცა, ვითარებას რეალურად თუ შევაფასებთ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური არბიტრაჟი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური სავაჭრო-სამრეწველო პალატა (იმედია მალე იქნება), აშკარა გახდა, რომ ეს ინსტიტუტი საჭიროა. მით უფრო, გასულ წლებში სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კონფლიქტების სიხშირის გამო, სასამართლოები სავსეა ბიზნესმიმართულების საჩივრებით. დღეს თუ არის შესაძლებელი, რაიმე, მაგალითად ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის მეშვეობით მოხდეს კონფლიქტების გარკვეული ნაწილების მაინც გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, ეს მისასამლმებელია.

- როგორც წავიკითხე ეკონომიკის მინისტრმა პირველი გადაწყვეტილების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ბიზნესომბუდსმენს არც ერთი რეზონანსული საქმე არ მოუგვარებია. როგორი იქნება თქვენი სტრატეგია და რა იმედები შეიძლება დაუკავშირონ ბიზნესმენებმა თქვენს ინსტიტუტს?

- საქმე იმაშია, რომ მთავარია შედეგი.

- თუმცა საჭიროა პიარიც...

- პიარი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაეხმარება შედეგის მიღწევას. თუ პიარი შედეგის მიღწევას ხელს შეუშლის, მაშინ პიარი საჭირო არ არის. ჩვენს შემთხვევაში კი შეიძლება შედეგის მიღწევას ხელიც კი შეუშალოს. ზოგადად ბიზნესი საკმაოდ კულუარული თემაა. ბიზნესს არ უყვარს, ბევრი ხმაური. ყოველი გადაწყვეტილი საქმის შემდგომ ერთის მხრივ კარგია ამ საქმის საჯაროდ გამოტანა, რადგანაც ეს დაჯერებულობას მისცემს ბიზნესსაზოგადოებას, რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. თუმცა, არის მეორე მომენტიც, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კონფედენციალური საკითხებიც. ამიტომ ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის გაჟღერება შეიძლება წაგვადგეს და ხელი შეუწყოს შედეგების მიღწევას, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით.
ზოგადად რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ბიზნესსაზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთი ინსტიტუტი არსებობს და მოქმედებს.

- არბიტრაჟის აუცილებლობაზე წინა ხელისუფლების დროსაც აქტიურად საუბრობდნენ. მაგალითად საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი მის ამოქმედებას ყოველთვის ითხოვდა. თუმცა რეალურად საქმე არ კეთდებოდა. ახალი ხელისუფლების პირობებში არის კი შანსი, რომ დაპირება რეალობად იქცეს?

- დარწმუნებული ვარ, რომ არის. ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქცია არ არის ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სადაც საჭირო იქნება, ჩვენ ყველგან დავაფიქსირებთ და დავასაბუთებთ, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოქმედდეს.

- როგორია სტატისტიკა, ბიზნესმენები საჩივრით ხშირად მოგმართავენ? ძირითადად რა პრობლემებს უჩივიან?

- სტატისტიკა არსებობს და ფაქტია, რომ მომართვებმა მოიმატა. ისინი ძირითადად ბოლო 5-6 წლის საქმეებს ეხება. მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე საკითხები, განსაკუთრებით ის საქმეები, რომლებიც საგადასახადო თემატიკას ეხება. ეს გასაგებიცაა, რადგანაც ფინანსთა სამინისტროში საკმაოდ აქტიურად მუშაობს მედიაციისა და დავების განხილვის საბჭოები.
ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, სადაც ჩვენს ძირითად ამოცანებს ვხედავთ. არ გვინდა, რომ ჩვენი კონცენტრირება მხოლოდ საგადასახადო თემატიკაზე მოხდეს, ძირითადი პრობლემატიკა უნდა იყოს რეალური კონფლიქტი ბიზნესსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის.

- რამდენად მოგმართავენ ის მეწარმეები, რომელთაც წინა ხელისუფლების პირობებში ქონება ჩამოართვეს ან აჩუქებინეს?

- ასეთი სახის მომართვები ბევრია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ერთადერთი საშუალება ამ ხალხს მხარი დავუჭიროთ, ავუხსნათ პროცედურები როგორ უნდა მიმართონ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. ეს ფაქტობრივად არის ფორმალურად დახურული საქმეები, რომლის ხელახლა გამოძიებაც და გააქტიურებაც საჭიროებს გარკვეულ პროცედურულ ეტაპებს და ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის.

- პრემიერმა თქვენს მთავარ ფუნქციად მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანა დაასახელა. როგორ ფიქრობთ ახერხებთ ამას თუ არა და როგორ ხდება პროცედურულად: ამა თუ იმ საკითხს პრემიერ-მინისტრთან ერთად წყვეტთ, თუ თავად კონტაქტობთ შესაბამის უწყებებთან, რათა პრობლემა მოგვარდეს.

- პირველი რაც გავაკეთეთ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს არის სამუშაო ურთიერთობების დამყარება შესაბამის უწყებებთან: ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან. საჩივრების თემატიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცედურები გვაქვს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება შემოსული საჩივრების ერთობლივი განხილვა, ანალიზი და შესაბამისი ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება .

- რა გეგმები გაქვთ იმისათვის, რომ საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ცნობადობა საზოგადოებაში ამაღლდეს?

- პირველი რასაც დავიწყებთ, ეს იქნება ვიზიტი რეგიონებში. შევეცდებით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები შედგეს არამხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, არამედ ბიზნესასოციაციების კოორდინაციითაც, რადგანაც ვიცით, რომ რეგიონებში მათაც ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები. ცნობადობის გაზრდას პირველ რიგში კომუნიკაციით შევეცდებით. გასაგებია, რომ ყველა მეწარმესთან ინდივიდუალურად მისვლას ვერ შევძლებთ, თუმცა შევეცდებით მაქსიმალური კომუნიკაცია გვქონდეს.

- როგორ აპირებს ომბუდსმენი, რომელიც პრემიერის დანიშნულია და რომლის ოფისიც მთავრობის შენობაში მდებარეობს, დაიცვას გადამხდელები მთავრობასთან სადავო საკითხების წარმოშობისას და როგორ "დაუპირისპირდება" სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გადამხდელების წინააღმდეგ ან მათ საზიანოდ არის მიმართული. თქვენი ოფისის სახელმწიფო კანცელარიაში განთავსება აჩენს განცდას, რომ ხართ ხელისუფლების ნაწილი. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ თქვენი ოფისი განლაგებულია იმავე შენობაში, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზის?

-ეს ისეთი თემაა, რაზეც დისკუსია შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენთვის მთავარია ეფექტურობა და მიგვაჩნია, რომ უახლოესი 1,5 წლის განმავლობაში ასეთი ფორმატი არის უფრო ეფექტური, აქ საუბარია სწრაფი კომუნიკაციების საშუალებებზე. ის კომუნიკაციები, რომლებიც დღეს ჩვენს გვაქვს ეკონომიკის, ფინანსთა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან და ის სწრაფი რეაქცია რაც არის მათი მხრიდან, ეს გარკვეულწილად არის იმის დამსახურება, რომ ბიზნესომბუდსმენი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ. რაც შეეხება ოფისს, ვფიქრობ ეს ფორმალური საკითხია, თუმცა მის მოგვარებაზეც უკვე ვფიქრობთ.

- რას ფიქრობთ აზარტულ თამაშების ბიზნესთან ახლებურ მიდგომაზე და იმ შეზღუდვებზე, რომელიც განიხილება. რამდენად ეთანხმებით ამ შეზღუდვებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდგომში ამ „ჩაგრულმა" ბიზნესმენებმა თქვენ უნდა მოგმართონ. როგორ შეიძლება ამ საკითხის დელიკატურად მოგვარება?

- აქ მხოლოდ აზარტული ბიზნესის განვითარებაზე არ არის საუბარი. აზარტულ ბიზნესს თან მოსდევს, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, მომსახურეობის სფეროს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ასე მარტივად გადასაწყვეტია. ჩვენ ვითვლით რა რაოდენობის დანაკარგი შეიძლება ჰქონდეს ბიუჯეტს და მერწმუნეთ, რომ მყარი არგუმენტები გვექნება. ჩვენი ხმა აუცილებლად იქნება მის მიმართ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი საკანონმდებლო აქტის მიღება არ შეიძლება.

- სსფ-ს ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ამბიციურ სტრუქტურული რეფორმების პაკეტზე, რომელთა მიზანია ქვეყნის ბიზნესგარემოს და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?

- პირველ რიგში გლობალური მიზანი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნა. საუბარი უნდა დაიწყოს არბიტრაჟზე, ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე და სხვა. ყველაფერი ეს კი შექმნის, იმ მაღალკონკურენტულ გარემოს, რომელიც შეუწყობს ხელს, როგორც მსხვილი ბიზნესის განვითარებას, ასევე საშუალო ბიზნესის ფეხზე დადგომასაც. დარწმუნებული ვართ, რომ საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, რომელმაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას ქვეყანაში, არ შეიქმნება საშუალო ფენა, არ იქნება საშუალო ფენა - ვერასოდეს ვერ გაიზრდება ქვეყანაში, მსყიდველობისუნარიანობა.

- ამ ბოლო დროს აქტუალურია კერძო იპოთეკარებისა და მევახშეების თემა. ზოგადად კონტროლდება თუ არა ეს სფერო, იხდიან თუ არა ისინი გაცემულ სესხებზე მოგების გადასახადს და უნდა ხდებოდეს თუ არა მათ სასარგებლოდ სააღსრულებო ღონისძებების გატარება? თუ გაეცანით აღნიშნულ პრობლემებს უკვე და თუ იყო მომართვა ამ საკითხებზე?

-რა თქმა უნდა ამ მიმართულებით იყო მომართვები. გამაჩნია ჩემი პირადი, სუბიექტური აზრი. მაგრამ ეს ეხება კერძო პირების ურთიერთობებს და არ ეხება ჩვენს სფეროს. ეს საკითხი ჩვენი განსახილველი არ არის. ყველა ადამიანი, რომელიც შედის გარკვეულ კონტრაქტულ ურთიერთობაში სხვა ადამიანთან, ეს ჩვენი თემა არ არის.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე

 

ავტორი: . .