იოანე ოქროპირის სახელობის კამანის მონასტერს "მოსკოვის სახლმა" საეკლესიო ნივთები გადასცა. აღნიშნული ე.წ. საქველმოქმედო აქცია სოხუმში მოქმედმა "მოსკოვის სახლმა" მოსკოვის საგარეო ეკონომიკური და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის მხარდაჭერით განახორციელა.
აღნიშნული დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიაჩესლავ პოპოვი აცხადებს, რომ ყოველწლიურად კამანის მონასტრის მომლოცველთა რაოდენობა იზრდება და ამიტომაც მოსკოვმა მისთვის ამ დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო.
კამანის მონასტერი ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი მონასტერთაგანია.
შეგახსენებთ, რომ კამანის მონასტერი სწორედ ის მონასტერია სადაც აფხაზმა და მათ მხარეს მებრძოლმა დნესტრისპირელმა ბოევიკებმა მისი წინამძღვარი მამა ანდრია სასტიკად მოკლეს.
1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა. აფხაზებმა და დნესტრისპირებმა სოფელი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. სიმშვიდე არც მაშინ დაუკარგავს, როცა მტერი კამანში შევიდა და ბრძოლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს ისმოდა. ეკლესიაში ყვირილის ხმა შემოესმათ, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია არ შეშინდა და ტყვიების წვიმაში მოხუცებისაკენ გაეშურა. სულ მალე ბრძოლა ეკლესიის ეზოში გაჩაღდა.
ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა, დილის ხუთის ნახევარზე ისინი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიას კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან.
როდესაც დნესტრისპირელები აფსუებთან ერთად ალყაშემორტყმულ მონასტერში შეიჭრნენ, მამა ანდრიას რუსებმა ჰკითხეს: "ვის მიწაზე დგას მონასტერიო - აფხაზურ თუ ქართულ მიწაზეო" მამა ანდრიამ მიუგო რომ მთელი დედამიწა ღვთისააო, ამის საპასუხოდ ის კეფაში ავტომატის გასროლით მოჰკლეს, ამავე მონასტერის აღმშენებელი 1975 წლიდან დეკანოზი იური ანუა გახლდათ, იგი პატრიოტი აფხაზი კაცი და ღვთისნიერი ადამიანი იყო, აფსუა სეპარატისტების და დნესტრისპირელების ხელში მანაც რამოდენი დღიანი წამების შემდეგ მიუტევა სული.
კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ.
მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს.