მსოფლიოში ქალის ყველაზე ძვირადღირებული სამოსი - მუსულმანური კაბა დუბაიში შეიქმნა, მისი ღირებულება 17,6 მლნ დოლარს შეადგენს. კაბას ორი ათასი ბრილიანტი ამშვენებს. მათ შორისაა ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული წითელი ქვები.
ძვირფასი კაბა ბრიტანელმა დიზაინერმა დები ვინგჰემმა შექმნა. "ეს ნამდვილად უნიკალური კაბაა, მხოლოდ უიშვიათესი წითელი ალმასების თვითღირებულებამ რვა მილიონი დოლარი შეადგინა " - განაცხადა დიზაინერმა.
აბაი - მუსულმანურ სამყაროში ქალის ტრადიციული სამოსია. დღეისათვის ის განსაკუთრებით გავრცელებულია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. კაბა მთლიანად ფარავს ქალის ფიგურას. კაბას ტრადიციულად აბრეშუმისგან ან მუქი ფერის თხელი შალისგან კერავენ და მდიდრულად ქარგავენ.
კაბაზე იშვიათი წითელი ბრილიანტების გარდა 2000 ძვირფასი ქვაა დამაგრებული. მათ შორის 50 გამჭვირვალე და 50 შავი ბრილიანტი, თოთოეული მათგანი 2 კარატს იწონის. სამოსს ასევე ამშვენებს 1899 წვრილი ბრილიანტი.
ძვირფასი კაბა 21-25 მარტს დუბაიში დახურულ ჩვენებაზე იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ ჩვენებას მხოლოდ ძალიან მდიდარი სტუმრები დაესწრებიან.