მთავრობის წევრებმა დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
როგორც მინისტრები აცხადებენ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა ქართველი გმირების ხსოვნას პატივი ყოველდღიურად უნდა მივაგოთ.
მათი განცხადებით, 1993 წლის 16 მარტს ქართველებმა ერთ-ერთი სამაგალითო ბრძოლა გადაიტანეს, სადაც ქართველმა მემომრებმა თავიანთი ძლიერი სული გამოავლინეს.
ქვეყნისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ კვარაცხელიამ.
როგორც გვაზავამ განაცხადა, დღეს, უდიდესი ტკივილის და უდიდესი სიამაყის დღეა.
მისი თქმით, 16 მარტი ახალი არმიის დაბადების დღედ უნდა აღინიშნოს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ამ წინადადებით პარლამენტს მიმართოს.
გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ; ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ; ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ, ასევე, თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენლებმა. მემორიალთან დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა დავით ლომდარიძემ გადაიხადა.
1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევა მოწინააღმდეგის მარცხით დასრულდა. სოხუმის დაცვას 137 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და 350-მდე დაიჭრა.