თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ვაკის რაიონის მოსახლეობას ახალი გამგებელი ბაჩო დოლიძე წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თბილისის მერი და ვაკის გამგებელი სანდრო ეულის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს. სანდრო ეულის ქუჩაზე 4 500 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი და კეთდება ბეტონის ბორდიურები. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.
" ახალი ენერგია სულ სხვა არის. გამგებლები უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორც ადგილობრივი ლიდერები, ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანები, ანუ ის თემა, რომ ვთქვათ გამგეობის კომპეტენციაში არ შედის რაღაც კონკრეტული პრობლემა, არ ნიშნავს, რომ გამგებელი და გამგეობა არ დაინტერესდეს ამ პრობლემის მოგვარებით. ჩვენ უნდა მივეხმაროთ მოსახლეობას, რომ აღსდგეს სამართლიანობა და ხალხმა მიიღოს ყველა ის დახმარება, რაც მათ კანონით ეკუთვნით და არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება რაიონის მასშტაბით, ვნახოთ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებული პირები, დაველაპარაკოთ, შევამოწმოთ, სოც. აგენტებს ვთხოვოთ დამატებით მოვიდნენ, რომ არცერთი ადამიანი არ დაიჩაგროს. იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე", - განაცხადა გიგი უგულავამ.