ENG / RUS       12+

საზმაუწყებლის ბორდის "ბინდი"

მართალია საზმაუწყებელში და კონკრეტულად მის ბორდში შექმნილი ვითარება სტეფანი მაიერის რომანის "ბინდის" სიუჟეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ დაკვირვებულ თვალს ანალოგიების პოვნაც არ გაუჭირდება. სხვა რომ არაფერი, ბორდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შებინდების მოახლოებისას იღებს და ბინდისას აფორმებს.

რეალურად რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდის გაიფანტება ბინდი და როდის გახდება ის მართლაც საზოგადოებრივი, ანუ ნათელი, ამაზე ალბათ პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია. თუმცა, ახლა ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ საზმაუწყებლის ფინასური შემოწმება, რომელსაც საგადასახადო უწყება ექსგენერალური დირექტორის გია ჭანტურიას ხმაურით დახვედრის მიუხედავად საკმაოდ მშვიდ ვითარებაში, ყოველ შემთხვევაში საზოგაოებისთვის უმხმაუროდ ატარებს, შესაძლოა, საკმაოდ დიდი სკანდალით დასრულდეს.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც სულაც არ აირს გამორიცხული, პერსპექტივაში პროკურატურის დაინტერესების საგანი გახდეს.

საქმე ეხება ბორდის ზოგიერთი წევრის ეკონომიკურ ინტერესს, უფრო სწორად ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც 2010 წლის ხელშეკრულებითაა გამყარებილი. რამდენად კანონიერად და უანგაროდ არის კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ ფირმასთან გაფორმებული ამის განსჯა აქ მართებული ვერ იქნება, რადგან ინფორმაცია ისედაც კონფიდენციალურია და ცალკეულ კითხვებზე პასუხებს "რესპოდენტები" არ აზუსტებენ.

თუმცა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენის" წყარო აცხადებს, ბორდის ზოგერთი წევრი წლების განმავლობაში სარგებლობდა სხვადასხვა პრივილეგიით და ეს მხოლოდ საზმაუწყებელს არ უკავშირდება, საუბარია ჯადაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელებისა და განათლების ექსმინისტრის დიმიტრი შაშკინის გამორჩეულ კეთილგანწყობებზეც.

"იკვეთება ისეთი ვითარება, რომ ადგილი გვაქვს არა მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტთან, არამედ არაკეთილსინდისიერ ლობისტურ ურთიერთობებთანაც ბორდის ზოგიერთი წევრის და მათი კუთვნილი კომპანიების მიმართ. ამ დროსთვის არ არის დაზუსტებული დეფინიცია, თუმცა ნათლად იკვეთება, რომ როგორც საზმაუწყებელთან ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებაში "X" კომპანია განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" წყარო.

ამავე დროს, წყარო თავს იკავებს მიმდინარე ეტაპზე ბორდის კონკრეტული წევრისა თუ წევრების დასახელებისგან, რომელიც მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდა.
ეს რაც შეხება მხოლოდ ერთ ფაქტს, რომელიც საზმაუწყებლის ბორდის თავის ტკივილი შეიძლება გახდეს და არა მხოლოდ ბორდის.

ექსპერტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ საზმაუწყებლის ბორდი პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის დამადასტურებელ ფაქტად გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავსუფლებასაც ასახელებენ.

მათი განმარტებით, იმ დროს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილისთვის კონტრაქტის შეწყვეტამ გენერალური დირექტორის გადაყენება გამოიწვია, რატომ არ რეაგირებდა ბორდი იმ ფაქტზე, რომ ბერძენიშვილის გათავისუფლებამდე სამსახურიდან საზმაუწყებლის 143 თანამშრომელი დაითხოვეს.

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა თავისი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყო იმ კრიზისის გაღრმავებას, რომელიც ტელევიზიაში არსებობდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ არხს აქვს ძალიან დიდი დავალიანება, თანხები არასწორადაა გადანაწილებული, ფაქტობრივად, არ არის შესრულებული ის პრიორიტეტები, რომელიც განხორციელება არხს დაევალა. სავალდებულო იყო, რომ 26 ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო, თუმცა ერთი მათგანიც არ ჩატარებულა. ", _ ,,ჯი-ეიჩ-ენთან"' საუბარში ,,საზოგადოებრივი მაწუყებლის მეორე არხის" ხელმძღვანელმა დოდო შონავამ და აღნიშნა, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" უკვე ყოფილი დირექტორის გადაყენება პოლიტიკურად მოტივირებულია.

უფრო მეტიც, საუბარია ბორდის მიერ ბარათაშვილის უკანონო გათავისუფლებაზე. კერძოდ, როდესაც წევრთა 2/3-ის, 10 ადამიანის ნაცვლად, თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას 9 წევრმა დაუჭირა მხარი.

,,საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდესაც კრიზისის შექმნაზე ვსაუბროთ მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა თუნდაც ბორდის მიერ არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან ბორდის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი კვორუმის გარეშე. გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბორის ათ წევრს უნდა მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა ბორის ცხრა წევრის თანხმობით მოხდა არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საიას" მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ბორის გადაწყვეტილებაში თითქოს გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლდა იმიტომ, რომ მან არხზე არსებული კრიზისული ვითარება ვერ მოაგვარა, გადაწყვეტილებაში მითითებული არა არის თუ რა იგულისხმება კრიზისში.

იბადება ერთი გულწრფელი კითხვაც, თავის დროზე რატომ უგულებელყო ბორდმა ტელეკომპოანია "პიკის" თანამშრომელთა მოთხოვნა მაშინდელი გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც "პიკის" კოლექტივმა ჭანტურიას განცხადება, თითქოსდა „პიკმა" შიდა ურთიერთობის გასარკვევად და შიდა ინტერესებისთვის გამოიყენა საეთერო დრო, ცენზურად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია.

ისე, პიკთან კაავშირებით ზეწოლაზე ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ბრიტანელმა
ჟურნალისტმა რობერტ პარსონსმა "პიკი" დატოვა და იგი Fრანცე 24-ზე გადავიდა სამუშაოდ.
პარსონსის მიერ „პიკის" დატოვებამ ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ
არა „პიკი" სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. კითხვა - თუ ვინ აიძულა ბრიტანელი ჟურნალისტი საქართველოდან წასვლა და რა მიზნით? - დღესაც ჰაერში რჩება გამოკიდებული. გახსოვთ ალბათ, პიკ-მა ახალი პროგრამები ეთერში 2011 წელს გაუშვა. არხი ძირითადად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა. ერთი წლის განმავლობაში „პიკს" კომპანია K-1 მართავდა. ეს კომპანია დაარსეს რადიოსადგურ „ეხომოსკვის" (ოპოზიციური რუსული რადიოსადგური) თბილისის რეპორტიორმა ეკატერინე კოტრიკაძემ და ბრიტანელმა ჟურნალისტმა რობერტ პარსონსმა. პატრესონის წასვლის შემდეგ რეგიონ TV-ის ოპერატორი შპს „ალანია" „პიკის" მართვის ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. 2012 წელს „ალანიამ" „პიკის" მართვისთვის 14 მილიონი ლარი მიიღო.

ისე არც შეფასებებოის უყურადღებოდ დატოვებაა მიზანშეწონილი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დასკვნაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ, როდესაც ვახო სანაიას ორი სატელევიზიო გადაცემა დაიხურა და თავად ჟურნალისტი რამოდენიმე კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს. ბორდს რატომღაც საჭიროდ არ ჩაუთვლია ამ საკითხზე მეჯელობა, მით უფრო რომ ვახო სანაიას გადაცემა მაუწყებლის რეიტინგის განმსაზღვრელი ერთ ერთი გამორჩეული გადაცემა იყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაატაროს ღონისძიებები, რათა გაამყაროს თავისი იმიჯი და იგი აღიქვან, როგორც ჭეშმარიტად პოლიტიკურად დამოუკიდებელი საინფორმაციო ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება და არამთავრობას. ამისათვის, მაუწყებელმა უნდა დაუთმოს ადგილი საგამოძიებო რეპორტაჟებს. ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აჩვენოს, რომ ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე, რომლებიც დაზარალდნენ კერძო სექტორთან ურთიერთობისას. გარდა ამისა, მაუწყებელმა უნდა გადადგას რეალისტური ნაბიჯები ტექნიკური წვდომის გაზრდისკენ და ტექნიკური პლატფორმების ფართო სპექტრის საშუალებით რაც შეიძლება ბევრ ქართველამდე მივიდეს; ამავდროულად, იმუშაოს იმაზე, რომ აუდიტორიის წინაშე უფრო მეტად პასუხისმგებელი და ეფექტური გახდეს. თუმცა საზმაუწყებლის ხელმძღვანელობას და მის ბორდს არასოდეს უმსჯელიათ ამ კუთხით და არც იმის მცდელობა ყოფილა, რომ ვითარება ოდნავ მაინც შეცვლილიყო პოზიტიური კუთხით.

ბორდისთვის არც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 2012 წლის კვლევის შედეგები გამხდარა სამსჯელო, სადაც აღნიშნულია, რომ არც ერთი არხი (საპატრიარქოს არხის გარდა), მათ შორის არც საზოგადოებრივი მაუწყებლის არხები, არ ითვლება ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მედიაერთეულებად, რომლებიც დაბალანსებულ საინფორმაციო დაფარვას გვთავაზობენ, სადაც ორივე პოლიტიკური ბანაკი თანაბრადაა პასუხისმგებელი.

"აუცილებელია არხის სამეურვეო საბჭოს დეპოლიტიზაცია, რადგან უკვე დიდი ხანია საბჭო შემჩნეულია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის დეპოლიტიზაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჟურნალისტი ია ანთაძე.

დოდო შონავა და არხის 500-მდე თანამშრომელი კი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს.

,,ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს, რადგან მან თავისი გადაწყვეტილებით ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტაბილურობა კიდევ უფრო შეარყია და ხელი შეუწყო არხზე კრიზისის გაღრმავებას. ტელევიზიაში 500-ზე მეტმა ადამიანმა შევაგროვეთ ხელმოწერები და ასევე, მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭო უნდა გადადგეს", - აცხადებს დოდო შონავა.

"ბინდი" ვახსენე და ბოლოსკენ ერთ მნიშვნელოვან სხვაობას მაინც გამოვყოფ. იქ "იმ სამყაროში" არიან "არსებები", რომელბსაც პირველობისთვის ბრძოლა უყვართ და იბრძვიან კიდეც, როგორ და რა ხერხებით ეს სხვა საკითხია. დაბინდულ საზმაუწყებლის ბორდში რატომღაც პირველობისთვის ბრძოლა პრივილეგია არაა. აქ პრივილეგიაა იმათი მოშთიობა ვინც არხის სახეს აყალიბებს და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს რეიტინგული წამყვანია, თუ სტუდიის დამლაგებელი. არადა, ფაქტია რომ საზმაუწყებელში, ყველა ტელეარხზე და რადიოშიც გამოცდილი პროფესიონალები მუშაობენ. ამ ხალხს არაფერი არ უნდა გარდა იმისა, რომ ბორდის ბინდი გაიფანტოს და მათ საქმის კეთების საშუალება მიეცეთ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლევან ნოზაძე

ავტორი: . .