ENG / RUS       12+

სიტყვის ფასი ქართულ პოლიტიკაში

 

მასობრივი კომუნიკაციების დარგში ჩატარებული კვლევების თანახმად, პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თუ რას ამბობს, არამედ ის თუ როდის ამბობს. პოლიტიკოსის, მითუმეტეს სახელმწიფოს ლიდერის თვითოეულ სიტყვას თავის წონა და დატვირთვა აქვს, რადგანაც ოდითგანვე ცნობილია, რომ ძალაუფლება მისი მფლობელის სიტყვებს სიმართლის ელფერს ანიჭებს. თუმცა რამდენად მუშაობს ეს საქართველოში?!
4 მარტს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ ორივე შევთანხმდით იმაზე, რომ ორივე საქართველოს შვილები ვართ, თუკი რამე შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაიმე სახის დაბრკოლება ამ მთავრობას არ შეხვდეს. " მისი თქმით, განსხვავებული მსოფლმხედველობის მიუხედავად, შეთანხმდნენ, რომ ქვეყანას უნდა გაუფრთხილდნენ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სიმშვიდე. არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება."
სააკაშვილმა მისი სიტყვა, რომ ახალ მთავრობას არავითარ დაბრკოლებას არ შეუქმნიდა, შეხვედრიდან მესამე დღესვე გატეხა. 7 მარტს, საბერძნეთში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, „ის, რაც მოხდა საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასევე ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პარლამენტში, ყველაფერს აშკარად ცვლის. ვფიქრობ, ეს ჩვენი ევროპული არჩევანისთვის უკუსვლაა. ჩვენს არჩევნებში დიდი ფული ჩაიდო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა. შედეგად, გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით." პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი და ვიდეო სიუჟეტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. საინტერესოა რას ფიქრობდა სააკაშვილი, როდესაც ევროპული აუდიტორიის წინაშე ასეთ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებდა საკუთარ სამშობლოს, რომლის შვილადაც თავს თვლის (თუმცა, ამ და სხვა მსგავსი გამოსვლების ფონზე მის ამ სიტყვებშიც გეპარება უკვე ეჭვი). სააკაშვილმა ნებსით თუ უნებლიეთ საკუთარ ერს და ქვეყანას საერთაშორისო დონეზე უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა. მის ლოგიკას რომ დავეთანხმოთ, საქართველოს მოქალაქეები თურმე ხალისით მზად არიან ფულზე გაყიდონ თავიანთი ხმები და თავიანთი არჩევანი. და თუკი საქმე მართლაც ასეა, გამოდის, რომ სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის შედეგად საქართველოში ვერც სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა, ვერც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები აშენდა და ვერც რეალური საარჩევნო დემოკრატია შეიქმნა და საქართველოს მოსახლეობა იქამდე დაეშვა, რომ ფულზე ყიდის საკუთარ არჩევანს. მაშინ გამოდის, რომ დასავლური სამყაროს მიერ საქართველოშო დემოკრატიის და სამოქალაქო კულტურის დასამკვიდრებლად გაღებული ინვესტიციები წყალში გადაყრილი ფული ყოფილა. სააკაშვილის ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის რომ ნებისმიერ სახელმწიფოს თუ ოლიგარქს ვინც საქართველოში დიდ ფულს ჩადებს შეუძლია უპრობლემოდ იყიდოს ჩვენი არჩევნების შედეგი. თავის ამ განცხადებით სააკაშვილმა თავადვე გააბათილა მის მიერვე შექმნილი დისკურსი, რომ თითქოს „ნაციონალების" მმართველობის შედეგად საქართველო ჩამოყალიბებულ სახელმწიფოდ შედგა. და ბოლოს, თუკი საქართველოში შესაძლებელია არჩევნების ყიდვა, მაშინ რა ესაქმება ასეთ ქვეყანას და ერს ევროპულ ოჯახში ან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში?
რა შთაბეჭდილებას მოახდენდა სააკაშვილის ეს განცხადება ევროპელებზე? დიდი ალბათობით საკმაოდ ნეგატიურს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, სააკაშვილის ამგვარი გამოსვლები, რომლებიც სავარაუდოდ მომავალშიც უხვად იქნება, რეალურად ხელს უწყობს თუ ხელს უშლის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს?
სააკაშვილის გამოსვლას შესაშური სინქრონულობით დაემთხვა დროში ევროპარლამენტის 23 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი ღია მიმართვა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. წერილში ლამის ერთი-ერთზე არის გადმოტანილი სააკაშვილის და „ნაციონალების" რიტორიკა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მიმართვა „ნაცმოძრაობის" ევროპელი ლობისტების მიერ არის „გაჩალიჩებული." ეს კი კიდევ ერთი ირიბი დასტურია სააკაშვილის მხრიდან სიტყვის გატეხვის.
წერილი ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის ქართული აუდიტორიისათვის კარგად ცნობილი დეპუტატების გუნარ ჰოკმარკის, ვიტაუტას ლანდსბერგისის და ქშიშტოფ ლიზეკის ავტორობით მომზადდა. ეს უკანასკნელი სააკაშვილმა ორი წლის წინათ პირადად დააჯილდოვა ორდენით. წერილი ივანიშვილს მოუწოდებს "არ დაამსხვრიოს საქართველოს ევროპული მომავალი." იქვე ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ადგილი აქვს ზეწოლას პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, სასამართლოსა და და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ხდება აგრესიული რიტორიკისა და ბრძოლის გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებთან დასაპირისპირებლად..." აღნიშნულია წერილში. წერილი წაკითხვის შემდეგ ალბათ ბევრს გაუჩნდება ბუნებრივი კითხვა, თუ რატომ არ რეაგირებდა ევროპარლამენტი ასეთი მკვეთრი ფორმით ანალოგიურ დარღვევებზე, რაც გაათმაგებული მასშტაბით ხდებოდა „ნაცმოძრაობის" მმართველობის ცხრა წლის მანძილზე. სამწუხაროდ, არსებობს იმის ალბათობა და საფრთხე, რომ აღნიშნული წერილი ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გარკვეულ ნაწილში ევროსტრუქტურების მიმართ საკმაოდ უსიამოვნო კითხვებსა და ეჭვებს გააჩენს.
სააკაშვილის ზემოთაღნიშნული გამოსვლა მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, თუ როგორ გაცვდა ბოლო წლების მანძილზე მისი როგორც პრეზიდენტის სიტყვის ფასი. კიდევ ერთ მაგალითად შეგვეძლო მოგვეყვანა სააკაშვილის მიერ ორ წამყვან ქართულ ბანკზე გაკეთებული ცრუ განცხადება, თითქოს ისინი რუსულმა კომპანიებმა იყიდეს და რომ მან ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მიიღო. ასეთი რამ ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია შემდგარ და ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში!. პრეზიდენტს სიცრუე, რომ იტყვიან „ხახვივით შერჩა," ისევე როგორც შერჩა ეროვნულ ბანკს.
როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის დონეზე ეკარგება ფასი სიტყვას თუ დაპირებას, რა გასაკვირია, რომ პოლიტიკის უფრო დაბალ ეშელონებში (ეს ეხება პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ჯგუფს) სიტყვის ფასმა, რომ იტყვიან ბოლომდე განიცადა დევალვაცია. ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის აღდგენას. ეს კი აუცილებლად უნდა მოხდეს, თუკი მართლა გვინდა ევროპულ ოჯახში მოხვედრა.

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .