ENG / RUS       12+

2-3 დღე - ივანიშვილის მიერ ჩართული წამზომი და სააკაშვილისთვის როქის გაკეთების მომსპარი შანსი

პოლიტიკური როქი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საშუალებას მისცემდა დროებით მაინც მოერიდებინა თავი პოლიტიკური ხოცვა-ჭლეტისთვის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არა თუ ნაციონალების მარცხი, არამედ პოლიტიკური ყაიმი დაეფიქსირებინა, რასაც ალბათ მოწინააღმდეგეც შეუწყობდა ხელს - შეუძლებელი გახდა. ახლა საათი წამებს სწორედ ნაციონალებს უთვლის და სააკაშვილის სვლას ელოდება. ამ სვლისთვის კი მხოლოდ 2-3 დღეა დარჩენილი. მერე ბრძოლა სიკვდილამდე ან გამარჯვებამდე - იმის მიხედვით ვისთვის რომელი მდგომარეობაა უფრო ახლო და მისაღები.

ივანიშვილმა სააკაშვილს "გარდე" გაუკეთა და როქი კი შემდეგი სვლა ვერ იქნება. ახლა სააკაშვილი დანიელი პრინცის დილემის წინაშე დგას და რა გზას აირჩევს, ეს სწორედ 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

ეპისტოლარული ურთიერთობა ქართულ პოლიტიკაში არახალია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან მის პირველ ორ წერილს თუ არ ჩავთვლით, ასეთი სვლა და თანაც ამ ვითარებაში ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო.

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ამჟამიდელი პოლიტიკური კრიზისში მნიშვნელოვანი წვლილი პრემიერ-მინისტრსაც ეკუთვნის და ეს პირველ რიგში, მისი სუსტი საკადრო პოლიტიკის გამოძახილია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს აკეთებს, ამას პოლიტიკური ბრძოლა არ ქვია და ეს უფრო ობსტრუქციაა - ქვეყნის, სახელმწიფოს წინაშე.

როგორც იტყვიან, ჟირაფი მაღალია და იგი უკეთ ხედავს... ამ პრინციპით თუ შევხედავთ მოვლენებს, ივანიშვილი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე რომელიმე ჩვენთანაგანი და ალბათ ეს ყველაფერიც გახდა იმის მიზეზი, რომ მას საქართველოს პრეზიდენტისთვის ულტიმატუმი წაეყენებინა.

მართალია თავად ივანიშვილი აცხადბს, რომ ამ ულტიმატუმის შედეგი მხოლოდ საზოგადოების რეაქცია და მისი დაფასება იქნება, მაგრამ ისიც ნათელია, რომ მხოლოდ მოსალოდნელი საზოგადოებრივი ემოციების გამო არ აფრთხილებს ივანიშვილი მის მთავარ ოპონენტს. რაც შეეხება "დაფასებას", ახლა ამაზე არ შევჩერდები, ეს სხვა თემაა და სხვა დროს ვისაუბროთ, თუმცა ორი სიტყვით ვიტყვი რომ ივანიშვილის გუნდს დასაფასებელი ოპონენტებისა და მით უფრო, მომხრეების შერჩევისა და დანახვის გაუგებარი კრიტერიუმები აქვს.

და მაინც, რას ითხოვს ივანიშვილი სააკაშვილისგან და როგორც იტყვიან რატომ "ჩაუტარა" ასე მძიმედ და ულმობლად.

"ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი", - ასე მიმართავს ივანიშვილი პრეზიდენტს და ამით გასაგებად ეუბნება მიხეილ სააკაშვილს, ერთხელ "ხომ აგისრულე, რასაც დაგპირდი", თუ საჭირო იქნება კიდევ გავიმეორებო. ვისაც ამ დრომდე არ სჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში სააკაშვილმა შემოიყვანა, უფრო სწორად, აიძულა რომ შემოსულიყო პოლიტიკაში, იქნება ახლა მაინც მიხვდეს - ეს რეალობაა. 1-ელ ოქტომბერს ივანიშვილმა სააკაშვილი პირწმინდად დაამარცხა და თან საკუთარ მოედანზე - "შეუსრულა" როგორც იტყვიან და ახლა შანსი არაა, არ მისცემს რევანშის საშუალებას.

"ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო ხალხი თავის ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი და რაღა დაგიმალოთ ამ ფრაზის წაკითხვისას პრემიერი გულუბრყვილო, მიამიტი ბავშვი მგონია. არასოდეს ჰქონია ნაციონალურ მოძრაობას პასუხისმგობელობის გრძნობა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ხალხსაც მოსპობოდა ამის შეგრძნება. შესაბამისად, ამით ვერ მოხერხდება პრეზიდენტისა და მისი გუნდის გულის აჩუყება.

აი, შემდეგ კი პრემიერი უფრო პრაგმატული ხდება და საზოგადოებას არ უმალავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების სანაცვლოდ "ვთანხმდებოდი ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა საზოგადოებისთვის".

ბატონო პრემიერო, ეს რომ შცდომაა, ანუ შეცდომა იყო, იქნებ ამას ოდესმე მიხვდნენ თქვენი გუნდის ის წარმომადგენლები, რომლებმაც შეძლეს თქვენი დათანხმება ამნისტიასთან დაკავშირებით. ამ ხალხმა ჩაიდინა დანაშაული და ნურავინ იტყვის, რომ ადამიანები სისტემის მსხვერპლნი გახდნენ შვილების გამოკვების აუცილებლობის და სხვა მრავალი, მაგალითად, შესაძლო შანტაჟის და სხვა მოსალოდნელი უგვანო საქციელების გამო. აქ მარტივი ფორმულა მოქმედებს - იცი რომ დანაშაულს ჩადიხარ, მაგრამ შვილიც გინდა მაძღარი გყავდეს, ჯიპებით იგრიალო, თავზე დაასაქმო იმას ვისაც გიბრძანებენ, რომლის შვილიც, ოჯახიც და ღირსებაც ცალ ფეხზე გკიდია და პასუხი არ აგო? აშიმშილე შენი შვილი ისევე როგორც სხვისი შვილის შიმშილს მოითხოვ და თავზეც დაასაქმებინე და ღირსებაც შეინარჩუნე. ეს უფრო კაცური არაააა? თუნდაც უფრო სახლმწიფოებრივი? ამიტომ ამნისტიის ის მოდელი, რომელიც სააკაშვილს სურდა და რაზეც გარკვეული თნხმობა ივანიშვილის გუნდიდანაც იყო კარგია რომ ჩავარდა და არ გავიდა.

თუ ივანიშვილის მიმართვის პათოსს მივადევნებთ თვალს, მან შეძლო დასავლეთის ყურადღება მიეპყრო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე. პირველი - სააკაშვილი დამნაშავეა, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას უფსკრულში მიაქანებს და ღუპავს საკუთარ გუნდასაც, რომელსაც პოლიტიკური ცხოვრების უფლება აქვს. მეორე - დასავლეთში ისედაც კარგად იციან და გაიგეს სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის სიმახინჯეები და, შესაბამისად, პრემიერმა ცივილურად აუხსნა მათ, რომ სააკაშვილის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალებას არ გამორიცხავს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველობის მახინჯ ფორმებს და მესამე - ივანიშვილი მზადა კოჰაბიტაციისთვის სააკაშვილი კი არა.

პრემიერი ღიად ამბობს, რომ სააკაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებს და აშანტაჟებს - "თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ". ამ მესიჯით კი ივანიშვილი თავად სააკაშვილის გუნდის წევრების გამოფხიზლებაც ცდილობს. თუმცა ისიც ცხადია, რომ ყველასთან მიმართებაში ეს ნამდვილად არ გამოვა და პრეზიდენტს ჰყავს ორი ათეული ადამიანი, რომელიც მას მართლაც ჩაყვება თუნდაც პოლიტიკურ სამარეში.
ცალკეული დეტალები, რომლის განზოგადოებაც ასევე საინტერესოა, მიმართვაში უხვად არის მაგრამ უმთავრესი მაინც ის არჩევანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა უნდა გააკეთოს და რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა ორი-სამი დღე შემოფარგლა.

"ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას.
მე კარგად მესმის, რასაც ვამბობ. საკითხი ამგვარად მმართველი კოალიციის შიგნითაც კი არასოდეს დამიყენებია და არ გამომიცხადებია ე.წ. სავალდებულო კენჭისყრა. მაგრამ ახლა საქმე რომელიმე "საკითხს" არ ეხება. კონსტიტუციური ცვლილებები ეპოქალურ თემას დაუკავშირდა: წინ - მომავლისკენ, თუ უკან - წარსულისკენ. ამიტომ ვერ მივიღებ ვერანაირ "კი, მაგრამ"-ს და "დღეს არა, ხვალ"-ს. " - აცხადებს ივანიშვილი და სწორედ ესაა ის სვლა, რომელიც სააკაშვილს როქის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

თუმცა რაღა სააკაშვილს, ეს ფრაზა საკაშვილის გუნდის ბევრი წევრს, გარდა იმ ორი ათეული სამარეში ჩამყოლისა, ათქმევინებს წინ - მომავლისკენ და ეს გადაწყვეტილება საააკაშვილმა არამც და არამც არ უნდა აღიქვას საკუთარი თანაგუნდელების უმადურობად ან ღალატად. ეს იქნება პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის დძლევაში დაეხმარება.

2-3 დღე არც ისე დიდი დროა, მაგრამ არც ცოტაა, რომ გადაწყვეტილება ვერ მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი პოლიტიკური ვამპირია, იგი გვინდა თუ არა საკმაოდ გათვითცნობიერებულია მაკიავილიზმში. მართალია, ეს ნიჭი, მას შევარდნაძესავით თანდაყოლილი არ აქვს, მაგრამ აქვს და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. შესაბამისად, იგი შეცდება ამ ვითარებიდამ "მშრალი" გამოვიდეს. შეეცდება და გამოუვა თუ არა ეს სხვა საკითხია.

და მაინც ჩემთვის საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ამ მიმართვაში უმთავრესი ფრაზა ასე ჟღერს: "რაც შეეხება კანონს, იგი ყველასთვის კანონად დარჩება: თქვენგან განთავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს - სასჯელის".

ისე, "19 აპრლის" ორი თვით ადრე დათქმა ის შეცდომა იყო, რომელიც ნაცმოძრაობისთვის მართლაც სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს. მიშას თავისუფლად შეუძლია, ამას როცა კარგად გაანალიზებს, ჩვეულ სტილში დაალეწოს თავ-პირი ამ "საკრალური" თარიღის შემრჩევ სუბიექტებს. ისე, 19 აპრილის "ისტორიას" თუ გადავხედავთ ამ დღეს - 1999 წელს - გერმანიის პარლამენტი დაბრუნდა ბერლინში, 2007 წელს კი რუმინეთის პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს ძალაუფლების გადაჭარბებით გამოყენების ბრალდების გამო. კი ნამდვილად ნიშანდობლივია 19 აპრილი.

მაგრამ მანამ 2-3 დღეა... ჩართული წამზომი და როქის გაკეთების მომსპარი შანსი.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლევან ნოზაძე

 

ავტორი: . .