ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: აფხაზური მხარე ისტორიის გათეთრებას ცდილობს

რესპოდენტის შესახებ

აფხაზი სეპარატისტების მიერ ახალი პოლიტიკურ კამპანიის დაწყებას, რომლითაც აფხაზეთის ზოგიერთი მოღვაწე ცდილობს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას "ამცნოს", რომ აფხაზეთში სისასტიკე აფხაზე]ს კი არ ჩაუდენიათ, არამედ ასეთი სისატიკე საერთოდ არ მომხდარა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში ისტორის "გათეთრების" მცდელობად აფასებს და აცხადებს, "ჯერ მთელი პოლიტიკა და ტენდენცია მიმართული იყო იქითკენ, რომ მაქსიმალურად ყოველივე ეს გადაებრალებინათ ჩრდილოკავკასიელებისთვის, განსაკუთრებით ჩეჩნებისთვის, ახლა კი საერთოდ ლაპარაკი დაიწყეს იმაზე, რომ ასეთი რამ არ მომხდარა".

- საქართველოს თითოეული მოქალაქეს დღემდე ახსოვს აფხაზეთში, მათ შორის გაგრაში ჩადენილი არნახული სისტიკე... როგორც ჩანს სეპარატისტებმა ამის უარყოფის კამპანია წამოიწყეს. რატომ?

- ეს არის ამ ერის თვისება და ზოგადად, კავკასიური ერები ამ თვალსაზრისით არიან ძალიან აქტიურები - გაათეთრონ თავიანთი ისტორია. არავის არ მოსწონს მაინცდამაინც რაც მოხდა. თავის თავთან რომ მარტო რჩებიან არ უყვართ ხოლმე ამის გახსენება - რა მოხდა იქ მშვიდობიანი მოსახლეობის ეთმნოწმენდისა და დარბევების თვალსაზრისით.
ჯერ მთელი პოლიტიკა და ტენდენცია მიმართული იყო იქითკენ, რომ მაქსიმალურად ყოველივე ეს გადაებრალებინათ ჩრდილოკავკასიელებისთვის, განსაკუთრებით ჩეჩნებისთვის, ახლა კი საერთოდ ლაპარაკი დაიწყეს იმაზე, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.
იქამდე მიდიან, რომ აფხაზეთის ტელევიზიით, ცოტა ხნის წინ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი რომელშიც 1989 წლის ივლისის მოვლენებზე იყო საუბარი. გახსოვთ ალბათ, იქ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ვოვა ვეკუა დაიღუპა. იქ იყო ხაზგასმულად ნათქვამი, რომ ვოვა ვეკუას სიკვდილში აფხაზების ხელი არ ურევია. უკვე აქამდე მივიდა საქმე. ფილმში კონკრეტულად ქართულ -აფხაზური დაპირისპირების თემა იმდენად არ იყო, რამდენადაც პოლიტიკური დაპირისპირების თემა. არასოდეს არ თქმულა არავისგან, რომ გინდა თუ არა აფხაზების ხელით არის ვოვა ვეკუა მოკლული - იქ იყო უბრალოდ სხვა და სხვა პოლიტიკური თაობის ადამიანების შეჯახება. ქართული მხარიდან არ თქმულა ხაზგასმულად ეს. ითქვა, რომ დაიღუპა სოხუმში შეტაკების დროს, ქართული უნივერსიტეტს როდესაც იცავდნენ.
ახლა, აფხაზებს, მათ პოლიტიკურ ელიტას სურთ, რომ აქაც გაათეთრონ თავისი ისტორია.
შუბი ხალთაში არ დაიმალება, უამრავი რეზოლუცია არსებობს, მათ შორის სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების - ეუთოს, გაეროს და რომელი ერთი ჩამოვთვალო, სადაც აღნიშნულია ყოველივე ის, რაც მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მოდით დავუშვათ, რომ აფხაზებს ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ, დავუშვათ. აფხაზებმა დაუშვეს ის, რომ სხვამ მათი მეზობლების დარბევა მოახდინა და ისინი ამას ყველაფერს უყურებდდნენ.
მე კი არ მავიწყდება რამდენმა აფხაზმა გადაარჩინა რამდენი ქართველი და რამდენმა ქართველმა თავის დროზე გადაარჩინა რამდენი აფხაზი. ეს ყველაფერი ხდებოდა განა არ ხდებოდა, მაგრამ სხვა რამეც ხდებოდა და სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ.
მე,არასოდეს დამიმალია, ის რომ ოჩამჩირის რაიონის სომხური მოსახლეობის ანტიქართული განწყობები განაპირობა იმ ქურდობა-დაყაჩაღებამ რასაც ქართული შეიარაღბული ფორმირებების ზოგიერთი წარმომადგენელი ახდენდა ომის პირველ დღეებში. მაგალითისთვის ვამბობ, მაგალითად, გაგრის სომხობის აქტივობა სულ სხვა მიზეზმა განაპირობა.
ასე რომ ამას ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ამის მიმალვა საჭირო არ არის.

- რატომ მაინცდამაინც ახლა გააქტიურეს ეს პროპაგანდა?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ ახლა, ეს ხდებოდა სხვა და ფორმატში სხვა და სხვა დროს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახლა აფხაზური პოლიტიკური ელიტა ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოაჩინონ თავისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხოლო დამოუკიდებელ სახელმნწიფოს, რომელსაც აქვს ასეთი ბნელი, ცუდი წარსული და ცუდი ბიოგრაფია, მისი აღქმა მსოფლიო საზოგადოებისათვის როგორც ნორმალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმისა - რთულია. აქედან გამომდინარე ცდილობენ აი ამ ტიპის პროპაგანდით იმოქმედონ როგორც თავის საზოგადოებაზე ისე უცხოურზე. თუმცა, ვიმეორებ, ყოველივე ამის ამსახველი საერთაშორისო დოკუმენტები არსებობს.

- თქვენ, როგორ მამუკა არეშიძემ, პირადად რა იცით, რა მოხდა გაგრაში?

- გაგრაში მოხდა საშინელი ფაქტები. ის რაც მოხდა გაგრაში და რაც ქართულმა საზოგადოებამ ნახა ეს არის ჩვენს მიერ, საღამო მშვიდობისას კოლექტივის მიერ ნაყიდი კასეტა. ჩვენ ეს კასეტა ვიყიდეთ და 50 ათასი გადავიხადეთ მაშინ. სწორედ ეს კასეტა ნახა მერე მთელმა საზოგადოებამ. იქ, ქუჩაში უამრავი მოკლული ადამიანი ყრია, როგორც სამხედრო ფორმაში, ისე არა სამხედრო ფორმაში და ის რასაც ბესლან კობახია ლაპარაკობს ეს არის პროპაგანდისტური ამბავი.
მან ძალიან კარგაც იცის გაგრაში რა ხდებოდა. მაგალითად, გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტრაგედიას ჩემი ცნობიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის. სახელებითა და გვარებით ვიცი იქ ვინ რა ჩაიდინა. ეს იყო გუდაუთის რაიონში არსებული ქართული სოფელი, რომელსაც ალყა შემოარტყეს და ამოწყვიტეს. ქალები გააუპატიურეს, ბავშვები დახოცეს და რავიცი კიდევ რა არ გააკეთეს. ეს რაჭველების სოფელი იყო. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ეს ყველაფერი ვიცით. უბრალოდ მე და იგივე პაატა ზაქარეიშვილს არ გვინდა ახლა ამ საკითხების პედალირება. ამაზე რომ ვილაპარაკოთ გაუთავებლად ეს მხოლოდ ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამაზე ბევრი რამ არის ნათქვამი, უამრავი წიგნი დაიბეჭდა, თამაზ ნადარეიშვილმა მთელი ფუნდამენტალური შრომები მიუძღვნა ამ მასალების შეგროვებას და მეცნიერთა ჯგუფებმა, ისტორიკოსებმა უამრავი შრომები მიუძღვნეს ყოველივე ამას და ყველაფერი ეს დოკუმენტირად შეაგროვეს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ისტორიის საკუთრებაა, უბრალოდ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ვიცით, საერთაშორისო დოკუმენტები ამის თაობაზე. თუმცა, იმისთვის, რომ წინ ვიაროთ საჭიროა სხვა რაღაცაზეც ვილაპარაკოთ ამის გარდა. ხოლო სხვა რაღაცეები კი არის სამშვიდობო პროცესი, ქართულ-აფხაზური დაახლოება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა, ხოლო ჩვენ თუ ვილაპარაკეთ გაუთავებლად რა მოხდა მაშინ - ეს არ დამთავრდება.

- ვისგან იყიდეთ ეს კასეტა?

- რუსებისგან, რუსი ჟურნალისტებისგან. სხვათაშორის მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჟურნალისტები, მათი ხელმძღვანელობის დაკვეთით, გაგიჟებულები ეძებდნენ მყიდველს. ეს არ იყო ძვირი ფასი. მაშინ 50 ათასი ძალიან დიდი ფული არ იყო. ამიტომაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კასეტა სპეციალურად შემოგვაპარეს იმიტომ, რომ განსაკუთრებული აღშფოთება გამოეწვია ქართულ საზოგადოებაში და ომი ახალი ძალით გაგრძელებულიყო.

"ჯი-ეიჩ-ენი" , ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

 

ავტორი: . .