დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის უფროს მრჩეველთან ალენკა პრვინსეკთან, რომელიც საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ხვდება მიგრაციის სფეროზე პასუხისმგებელ საჯარო უწყებების ხელმძღვანელებს, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ალენკა პრვინსეკი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და კარგად იცნობს ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს მიგრაციის მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხები, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებზე, აგრეთვე დიასპორებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეგიდით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.