ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: ერთ თვეში, შესაძლოა, საქართველოსათვის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს

რესპოდენტის შესახებ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-სათვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვში თავის ახლანდელი ვიზიტის დეტალებზე, რუსეთის საექსპერტო საზოგადოებასთან შეხვედრასა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის "მხარის" სტატუსის მინიჭებების შესაძლებლობაზე საუბრობს. იგი ასევე აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში საქართველოსათვის უკეთესი იქნება თუ დროის გაყვანას შეეცდება, ვინაიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შესაძლოა, სიტუაცია საქართველოსათვის რადიკალურად შეიცვალოს და გეოპოლიტიკურად სხვანაირი საერთო სიტუაციური სურათი შეიქმნას.

- აფხაზი და ოსი სეპარატისტები დაჟინებით მოითხოვენ ჟენევის მოლაპარაკებებზე მათთვის "დელეგაციებამდე" სტატუსის ამაღლებას და მათ "მხარედ" დაფიქსირებას. რამდენად ხელსაყრელია ამის გაკეთება საქართველოსთვის?

- ადრე, ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც მათი მხრიდან აქტიურად იყო საუბარი თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, მათგან მაშინაც იყო ეს დაჟინებული მოთხოვნა. მაშინ გამოვთქვი ასეთი მოსაზრება, თუ მხარეებად დაფიქსირდებიან აფხაზეთი და ოსეთი მაშინ შეიძლება ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. აქედან გამომდინარე, მე სხვა რამეზე მინდა მიგითითოთ. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ გვაწყობდეს გარკვეულწილად დროის გაყვანა. გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში სხვანაირი საერთო სიტუაციური სურათი მივიღოთ.

- მაგალითად? რას გულისხმობთ?

- საქმე ის არის, რომ საფრთხეების ხარისხი შეიცვალა და ამაში მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა მოსკოვში განხორციელებულმა ვიზიტმა. რომ არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე, რომელსაც ჰქვია - რადიკალური ისლამი და საერთოდ პოლიტიკური ისლამის შემოტევა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
- ამიტომ ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში ვეთანხმები იდეას, რომ შესაძლებელია მათი მხარეებად მოხსენიება იმ შემთხვევაში, თუ მართლა არ იქნებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, მაინც მიმაჩნია, რომ იქნებ დროის გაწელვა ღირდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცოტა ხანში სხვა ტიპის რეალობა შეიძლება დადგეს და რუსეთის მოთხოვნები ამ მიმართულებით ასეთი კატეგიული აღარ იყოს.
დღეს მდგომარეობა ისეა, რომ საქართველოს აქვს გარკვეული კოზირები ხელში და ამ კოზირების გამოყენება სწორად არის საჭირო.

- რა კოზირები?

- თუნდაც ის, რომ საერთო საფრთხე გაჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყნისთვის და მათ შორის, საქართველოსა და რუსეთისთვისაც. დღეს ძალიან აქტუალური გახდა პოლიტიკური ისლამიდან მომდინარე საფრთხე. მაგალითად, ჩემი რუსი კოლეგები, რომლებთანაც მე მოსკოვში ვლაპარაკობდი, სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებით მწვავედ იხილავდნენ იმას, რომ მაგალითათ 2005-2006 წლებში 100 კაცი იყო სულ აფხაზეთის მუსულმანური მრევლში დღეს არის 10.000 კაცი.
ეს მათთვის ბევრად უფრო პრობლემატური იყო ვიდრე ვთქვათ, საომარი მოქმედებების განახლება თბილისსა და სოხუმს შორის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დაკვირვებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესების განვითარებას და, შესაბამისად, უნდა შევეცადოთ მომგებიან მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და რაც მთავარია ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ინიციატივის გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

- როგორც ვიცით, მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის დროს შეხვედრები გქონდათ რუსეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. რა თქვეს მათ ისეთი რაც შეიძლება ქართული საზოგადოებისათვის საინტერესო აღმოჩნდეს და რისი თქმაც თქვენ ამ ეტაპზე შეგიძლიათ?

- რუსეთში მე ძირითადად ვხვდებოდი ჩემს კოლეგებს ანუ საექსპერტო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, თან, სხვა და სხვა მიმართულების - ლიბერალებიც იყვნენ, დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციონერებიც, დღევანდელი ხელისუფლების თავგადაკლული მხარდამჭერებიც.
ამ სპექტრში ერთი ძირითადი აზრი არის ძალიან აქტუალური - რუსეთის რელობაში სახელწიფოს დეზინტეგრაციული პროცესები. ძალიან შეშფოთებულნი არიან მაგალითად იმ პოზიციით, რომელსაც ავლენს დღეს თათრეთსა და ბაშკირეთს საზოგადოებები და ეს პოზიცია ანტიცენტრისტული განწყობაა. თათრეთი და ბაშკირეთი ჩრდილოეთ კავკასია არ არის, განსაკუთრებით თათრეთი - ეს არის მდიდარი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ვგულისხმობ საბიუჯეტო თვალსაზრისით რუსეთის ერთადერთი არადოტაციური რესპუბლიკა. ის საკმაოდ მდიდარია არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ ადამიანური რესურსის თვალსაზრისითაც. ამ რესპუბლიკასთან კონფრონტაცია მოსკოვს არანაირად არ აწყობს. აღვნიშნავ, რომ შვიდი წელია მოსკოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თათრეთის კონსტიტუციიდან ამოღებული იყოს ფრაზა თათრეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ვერაფერს ვერ მიაღწია ამაში.
დღეს თათრეთი სულ უფრო და უფრო მეტ დისტანცირებას ახდენს მოსკოვისაგან. ასევე ძალიან სერიოზული გავლენა მოიპოვა ამ რესპუბლიკაში ისევე როგორც მეზობელ ბაშკირეთში რადიკალურმა ისლამმა. ჩრდილო კავკასიას პლუს ეს ორი რესპუბლიკა ძალიან სერიზულ პრობლემას ქმნის რუსეთისათვის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში დეზინტეგრაციულ პროცესებს არა მხოლოდ ნაციონალური რესპუბლიკები ამჟღავნებენ, არამედ რეგიონებიც, რომლებიც თვლიან, რომ ისინი იჩაგრებიან, რომლებიც თვლიან, რომ მათ აქვთ მატერიალური რესურსის მიღების დიდი საშუალება და რომ მათი წიაღისეულის ექსპლუატაციის შედეგად მოსკოვი იღებს უზარმაზარ შემოსავალს და მათ არაფერი არ რჩებათ. აქედან გამომდინარე, ეს განწყობები ჩნდება იქ, რომ რატომ უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნის შემადგენლობაში, რომელიც ჩვენ შემოსავალს გვპარავს. ეს თემები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემი რუსი კოლეგებისათვის ვიდრე ვთქვათ ქართულ-აფხაზური თუ ქართულ -ოსური ურთიერთობები.
გარდა ამისა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი რომელიც ორიენტირებულია ევრაზიული ახალი კავშირის შექმნაზე გაღიზიანებული უყურებს იგივე პროცესს ოღონდ თურქეთის მხრიდან. თურქეთიც ქმნის იგივე კავშირს იგივე დასახელებით. ასე რომ პრინციპში რუსეთი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს დღეს თავისი საზღვრების სიახლოვეს.
თურქულ-ევრაზიულ სივრცეში საქართველო მოიაზრება, ასევე რუსულ-ევრაზიულ სივრცეშიც მოიაზრება და აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ერთგვარი გარკვეულწილად, გვერდიდან მაყურებლის ფუნქცია. მას შეუძლია თვალყური ადევნოს თუ როგორ ებრძვიან ისინი ერთმანეთს. სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ჩვენ შეგვიძლია ძალიან სერიოზული რესურსი დავაგროვოთ ამ დაპირისპირებული ძალების ბრძოლის კონტექსტში და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ და რუსეთს გვყავს ერთი სერიოზული მტერი, რომელმაც ბევრი სხვა საკითხი გადაფარა - ვგულისხმობ პოლიტიკურ ისლამს.
აქედან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ რაღაცაზე მოვილაპარაკოთ ბევრად უფრო იზრდება და ბევრად უფრო პერსპექტიური ხდება. ეს გამოსჭვიოდა ამ სხვა და სხვა ტიპის სპექტის ექსპერტებთან საუბრისას.

-იქნებ ორი სიტყვით მაინც გვითხრათ რა მოსაზრებები გამოთქვეს რუსმა ექსპერტებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში?

-მე ამას ვერ ვიტყვი, მე უბრალოდ, შემიძლია ასეთი რამ ვთქვა - ყველა თემას რომელსაც დღეს დღის წესრიგში დავაყენებთ აქვს პერსპექტივა, ანუ როდესაც ვაყენებთ საკითხს და მეორე მხარე წინააღმდეგობას არ გიწევს, ეს უკვე კარგია.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

ავტორი: . .