დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა გაიმართება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი, 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან პატიმრობიდან გათავისუფლდა. გირაოს თანხის გადახდის ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად 30 დღე განისაზღვრა. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მოწმე და ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე აღარ არსებობს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.