თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რიყისა და მთლიანად ძველი თბილისის განვითარების შესახებ დღეს, კიდევ ერთხელ, ისაუბრა. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა სურვილს გამოთქვამს, თბილისში ავარიული სახლების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ეს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ლიტონ სიტყვებად რჩება, როდესაც თბილისის მერიისთვის გამოსაყოფ სპეციალურ ტრანსფერს 13 მილიონი ლარით ამცირებენ.
თბილისის მერია ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაზე ყოველწლიურად დაახლოებით 25-დან 35 მილიონ ლარამდე ხარჯავს. კარგი იქნებოდა ნიშნის მოგების ნაცვლად, ბატონ პრემიერს კონსტრუქციული თანამშრომლობის რეალური სურვილი გამოეთქვა.
რაც შეეხება რიყის თეატრის მშენებლობას, ის არ შენდება თბილისის ბიუჯეტიდან. თეატრი სპეციალური ტრანსფერით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ისე რომ, ის თბილისის ბიუჯეტში საერთოდ არასდროს ყოფილა ასახული. სამწუხაროა, რომ მმართველობის ორი თვის თავზე, პრემიერი დღემდე ვერ გაერკვა ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობის დეტალებში. რაც შეეხება რიყის ტერიტორიის განვითარებასა და თავად თეატრს, მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის პრაქტიკულად დასრულებულია. შესაბამისად საუბარი თეატრისა და მშვიდობის ხიდის დემონტაჟსა თუ დანგრევაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვანდალიზმის ტოლფასია. თუ პრემიერ-მინისტრს ძველი თბილისის არეალში თანამედროვე არქიტექტურული ჩარევების საკითხზე შესტკივა გული, მოვუწოდებთ მას, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამავე კონტექსტში განხილულ იქნას მისი კუთვნილი სახლისა და ბიზნეს-ცენტრის სოლოლაკის ქედზე მშენებლობის საკითხიც. მხოლოდ ასეთ პირობებში მიგვაჩნია მსჯელობა სამართლიანი, ობიექტური და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურისაგან თავისუფალი. სხვა შემთხვევაში ყოველი ასეთი მცდელობა განხილულ იქნება, როგორც კონკრეტული პოლიტიკოსის ახირება თუ პოლიტიკური შურისძიება. სამწუხაროა, რომ შენობები პოლიტიკური შურისძიების საგანი შეიძლება გახდეს. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის".