საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ სამეურვეო საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. ამ წუთებში სამეურვეო საბჭო განცხადებას იხილავს, რომელიც საბჭოს სახელზე დღეს შევიდა.
"პირველ არხთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან გახელაძე ჭანტურიას გადაწყვეტილების მიზეზს არ აკონკრეტებს.
"მოგვიანებით გეტყვით მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია გენერალური დირექტორის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება და მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს პოზიციასაც", - განმარტა გახელაძემ.
მისივე თქმით, პროცედურის მიხედვით, თუკი სამერვეო საბჭო გია ჭანტურიას განცხადებას დააკმაყოფილებს, ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება.
"ახალი დირექტორის დანიშვნა კონკურისს საფუძველზე, მისი გამოცხადებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უნდა მოხდეს", - დასძინა გახელაძემ.
შეგახსნებთ, რომ გია ჭანტურიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 13 დეკემბერს გავრცელდა, რომლის დადასტურება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.