დღეს, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრების გიორგი არეშიძის ("რეშკა") და სოფი ბუცხრიკიძის გამოფენა "ორმაგი სამყარო" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
"ადამიანის ცნობიერებაში არსებობს განცდა, რომ ჩვენი სამყაროს მიღმა სხვა აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროებიც არსებობენ. მეცნიერები ექსპერიმენტების ხარჯზე მულტივერსიის არსებობის შესახებ თეორიებს ქმნიან, მაგრამ აქვს თუ არა ჩვენს სამყაროს და იმ სხვა ამოუცნობ სამყაროს კავშირი? შავი ხვრელების თეორია შორს წაგვიყვანს, დავკმაყოფილდეთ იმით, რისი ელემენტარული აღქმაც ყველას შეუძლია. ენერგია არ ქრება, ის განიცდის ტრანსფორმაციას და საბოლოოდ აკუმილირდება ერთ კონკრეტულ წერტილში. ექსპოზიციის მიზანია წარმოდგენილი ნამუშევრების ენერგეტიკისა და დამთვალიერებლის ენერგიის სინთეზმა დადებითი შედეგი მოგვცეს", - აცხადებენ ავტორები.
ღონისძიების ორგანიზატორია კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი (CRC). გამოფენა 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.