როდესაც მამაკაცი ქალს უღიმის, ეს უკანასკნელი ფრთხილად უნდა იყოს: შესაძლებელია, მოწინააღმდეგე სქესის წარმომადგენელი ამით საკუთარი სურვილების თავსმოხვევას ცდილობს - აფრთხილებენ ქალებს მეცნიერები.
გრანადის უნივერსიტეტში სამი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მამაკაცის ღიმილი ქალზე და რა არის საპასუხო რეაქცია. შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ როდესაც მამაკაცი ქალს ბრძანებას ღიმილით აძლევს, მშვენიერი სქესის წარმომადგებელი გაცილებით მეტი ხალისით ასრულებს მამაკაცის სურვილს. ეს მეთოდი ეფექტური მაშინაც კი არის, როდესაც ძლიერი სქესის წარმომადგენელი ქალს სექსისტური ხასიათის შენიშვნით მიმართავს.
სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ ქალები ღიმილს ადამიანური სითბოს გამოხატულებად მიიჩნევენ. მეცნიერების აზრით, ქალები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სხეულის ენას და ამიტომ ღიმილით მათი მოტყუება ადვილია. მაშინაც კი, როდესაც სიტყვებსა და სხეულის ენას შორის დისონანსია, ქალები მეტ მნიშვნელობას ამ უკანასკნელს ანიჭებენ, რაც მამაკაცებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებით მანიპულირების მეტ საშუალებას აძლევს - წერს ექსპერტი პატი ვუდი „დეილი მეილში".