ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. IFC-ი მსოფლიო ბანკის წევრი ერთ-ერთ მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც კორპორაციამ ბოლო წლებში განახორციელა საქართველოში. ისინი ქვეყანაში 17 წელია მუშაობენ და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვთ დაფინანსებული, მათ შორის, საბანკო სისტემაში, რამდენიმე საინტერესო პროექტი ხორციელდება კერძო სექტორში. ამავე დროს, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დროული გაცვლა დონორებთან, რათა შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რომელიც აქამდე ბურუსით იყო მოცული, მათ შორის, გარკვეული ტიპის ინვესტორებისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო რეჟიმის გამარტივების, საშუალო და მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანია, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის. იმედი გვაქვს, პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება," - განაცხადა IFC-ს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების რეგიონალური პროგრამის მენეჯერმა ლიზა კესნერმა.
საქართველო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან 1995 წლიდან თანამშრომლობს.