გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსეთს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დევნისა და წამებისათვის აკრიტიკებს. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მოხსენებაში, რომელიც ათი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერაა მომზადებული, რუსეთის ხელისუფლებას, პატიმართა წამებების და სასტიკი მოპყრობის აღკვეთასაც სთხოვენ. „ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება ბოლომდე იშვიათად მიდის და ეს ტენდენცია გვაშფოთებს" - ნათქვამია მოხსენებაში.
ექსპერტების განცხადებით, რუსეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის სამოქალაქო უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. იმატა კანონდარღვევებმა, ხშირია უფლებადამცველების მკვლელობები, რაც რესპრესიული კლიმატის მატებას მოწმობს. გაერო რუსეთის ხელისუფლებას მდგომარეობის სასწრაფო გამოსწორებისაკენ მოუწოდებს.