დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიამ შპს "ჰერმესის" ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლის საუბრის შესახებ აუდიო მასალა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება იგეგმებოდა.
"თბილისის მერიამ აღნიშნული მასალა, გამოძიების მიზნით, საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა დავხმარებოდით სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებაში და, ამასთანავე, არ მომხდარიყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რასაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყოლოდა. ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაკეთდა განცხადება არა როგორც აპოლიტიკური ორგანოსგან, არამედ როგორც პოლიტიკური პარტიისგან, რომ არაფერი ვთქვათ დილეტანტობასა და უზუსტობებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არა თუ საქმით, სიტყვითაც ვეღარ იკავებს თავს და აღარ მალავს, რომ მის ერთადერთ ინტერესს, არა სიმართლის დადგენა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესის გატარება და დაცვა წარმოადგენს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მეტი გულისხმიერებით მოეკიდება საკითხს, რათა დადგინდეს სიმართლე საზოგადოებისთვის ამ მეტად სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით", -აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. "საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.