დღეს, 22 ნოემბერს, ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების დაღვევებზე სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანება განცხადებას გააკეთებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანებიდან აცნობეს, გაერთიანების თამჯდომარის გიორგი კოდუას პრესკონფერენცია, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, "პირიმზე პლაზაში" გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოდუამ, გაერთიანების თავმჯდომარის დარგში, ავიაციის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პირველი განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილი ფრენებით მიღებული სარგებელი საქართველოდან გაედინება და არ ხდება სექტორში რეინვესტირება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე განმარტავს, რომ სწორედ ერთიანობის არ ქონის ბრალია, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ 3 გეიტი აქვს, რაც არასაკმარისია.
"ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაკეთდა სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. აეროპორტში ერთი გეიტი გაუკეთეს Lufthansa-ს, მეორე გეიტი Turkish Airlines-ს, მესამე გეიტი სხვა ავიაკომპანიებისთვის. და რატომ მოხდა ასე? ეს მოხდა იმიტომ, რომ არ არსებობდა ერთიანი მიდგომა და კოორდინირება დარგის სპეციალისტებისა თუ ამ დარგში "მოთამაშე" კომპანიების მიერ. დღეს ავიაციაში ყველაფერი არეულია, გვაქვს პრობლემები თუნდაც სამაშველო სამსახურებთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე გავლით ტრანზიტი შემცირდა. როდესაც 2008 წლის ომის დროს ლოკატორები დაგვიბომბეს, ავიაკომპანიებმა სხვა მარშუტები აირჩიეს, რადგანაც დაინახეს, რომ საქართველოზე ფრენა ცოტა სახიფათო იყო. თუმცა რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ? ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა ამ კომპანიებთან და დაერწმუნებინა ისინი, რომ ლოკატორები უკვე სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი და საქართველოზე ფრენა საშიში არ იყო და რომ ქვეყანაში იარსებებდა შესაბამისი სამაშველო სამსახური, ეს ასე არ გაუკეთებიათ. შედეგად კი მივიღეთ, რომ ტრანზიტი საქართველოს გავლით შემცირდა", - განმარტა კოდუამ.