ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 14 ნოემბერს, ქვესადგურში „წყალტუბო-220" ელექტროგადამცემი ხაზების "სენაკი 1 და 2" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას საფუძველი ჩაუყარეს.
ღონისძიებას შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველი სულხან ზუმბურიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ამერიკული კომპანია Tetra-Tech Inc-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამუშაოები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება" ფარგლებში განხორციელდება. პროექტი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების "სენაკი 1 და 2", ასევე ქვესადგურების "მენჯი-220" და "წყალტუბო-220" რეაბილიტაციას გულისხმობს.
„ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის თებერვალში გაფორმებული „ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების" ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 17 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სამუშაოები 2013 წელს დასრულდება.
57,7 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები „სენაკი 1 და 2" 90-იან წლებში მთლიანად გაიძარცვა და დღემდე არ ფუნქციონირებდა.