"რასმუსენის განცხადება იმ კონტაქტების შედეგია, რაც "ნაცმოძრაობას" საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩოები უცხოეთში "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დასაცავად მუშაობდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობას" საერთაშორისო ორგანიზაციებში კარგად გაკვალული კონტაქტები აქვს, მათ შორის ნატოში. პიროვნულ კონტაქტებს ვგულისხმობ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებას რაც გენერლები და ჯარისკაცები ჰყავს დაპატიმრებული, ალბათ, ამ ლოგიკით ნატოში კიდევ 500 წელს მაინც ვერ შევალთ. აქედან გამომდინარე, რასმუსენის განცხადება იმ მუშაობისა და კონტაქტების შედეგია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს", - განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გუნდს ბრიუსელში ლობისტების სერიოზული ჯგუფი ჰყავს.
კახიშვილის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის ამ ტიპის განცხადებას ბიძგი გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის თავდაცვის მინისტრის კაბინეტში დაკავებამაც მისცა.
"ჩემი აზრით, შეცდომა იყო კალანდაძის თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში დაკავება. მის დაკავებას სხვა საფუძველი რომ ჰქონოდა, ნაკლები განცხადებები გაკეთდებოდა. თუმცა რვა წლის განმავლობაში იმავე ნატოს წარმომადგენლები, რასმუსენი, სხვა საერთაშორისო წარმომადგენლები სამხედროებს არათუ იჭერდნენ, არამედ უფრო მკაცრადაც ექცეოდნენ", _ განაცხადა კახიშვილმა, რომელიც ნატოს რეაქციას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ნაციონალების" საერთაშორისო კონტაქტებით ხსნის.
კახიშვილის განცხადებით, ბევრი რამ ახალი ხელისუფლების მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სხვა უწყების ხელმძღვანელებმა, ვის კომპეტენციაშიც შედის ინფორმაციის მიწოდება, თუნდაც რასმუსენამდე და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიტანონ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. "როიტერის" ცნობით, რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს. "უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით", - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.