ხმაური იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. 30-მდე გარემოვაჭრე, რომლებსაც საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს, დილიდან, თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლება არ მისცეს, თელავის გამგებელს კარის აჭედვით ემუქრებოდნენ.
„მოვიდეს გამგებელი და გვითხრას, ოჯახები რით ვარჩინოთ. თვითონ ხომ აქვს 2500 ლარი ხელფასი და ხელფასს იქით კიდევ პრემიებს იღებენ. ჩვენ რა ვქნათ? შიმშილით ამოვწყდეთ? ქუჩაში ვაჭრობის უფლებას თუ არ გვაძლევენ, მაშინ შიგნით შეგვიყვანონ და ადგილები გამოყონ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ნანა წიტაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამგეობა მათ გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას არ მისცემს, ისინი თელავის გამგებელს სამუშაო ოთახის კარს აუჭედავენ და შიგნით აღარ შეუშვებენ.
თელავის გამგეობაში გარემოვაჭრეების პრეტენზიებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.