თბილისის მერია შეწყვეტილი პროგრამების დაფინანსებას აღადგენს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მინისტრის თქმით, არსებული დოკუმენტაციები, რაც კი ამ საქმის ირგვლივ არსებობს გადაგზავნილი იქნება მთავარ პროკურატურაში შესასწავლად. მინისტრის თქმით, 19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა სამი განკარგულება, რომლითაც ხარჯები ქალაქ თბილისის მერიიდან გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს, ისე რომ ამას 2012 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა.
„მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალაქ თბილისის მერიამ თბილისის საკრებულოს ამ ხარჯების შემცირება 12 ოქტომბერს სთხოვა, ანუ 7 დღით ადრე ვიდრე მერაბიშვილი განკარგულებას გამოსცემდა. აღნიშნულ დოკუმენტს კი ვიცე-მერი დავით ალავიძე აწერს ხელს. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მცირდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა მცირდება 11 მლნ ლარით, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების პროგრამა 3,5 მლნ ლარით, კეთილმოწყობის ღონისძიებები 5 მლნ ლარით ბინათ-მშენებლობის პროგრამა 600 ათასი ლარით. ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე 12,1 მლნ ლარით, სოციალური დაცვის პროგრამები 10,1 მლნ ლარით, კულტურის პროგრამები 1,7 მლნ ლარით", - განმარტავს ხადური.
მინისტრის განმარტებით, სანაცვლოდ იზრდება მერიის ადმინისტრაციის დაფინანსება და საგრძნობლად იზრდება ასევე შენობა-ნაგებობების გამაგრების ხარჯები.
„სამაგიეროდ იზრდება მერიის ადმინისტრაცია და სისტემის საქალაქო სამსახურის დაფინანსება 1,2 მლნ ლარით, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები და ავარიული შენობა ნაგებობების გამაგრების ხარჯები 73,6 მლნ ლარით, ანუ გამოდის რომ 2 თვეში უნდა დახარჯოს ამდენი თანხა და უარი თქვას სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე.
ის გადაწყვეტილება, რომელიც მერიამ 12 ოქტომბერს მიიღო არ ყოფილა შეთანხმებული არც ახალ და არც ძველ მთავრობასთან. მერია ვალდებულია, აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ამ საკითხის განხილვას აზრის არ აქვს და მერიამ უნდა აღადგინოს ვალდებულებების დაფინანსება, რომელსაც აუცილებლად აღადგენს. ამ დოკუმენტაციას მე გადავუგზავნი მთავარ პროკურორს, რათა მოხდეს შესწავლა რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება", - განმარტავს ნოდარ ხადური.