დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
საღამოს წარუძღვება დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
გრიგოლ რობაქიძე მოღვაწეობდა 1880-1962 წლებში. რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა „გველის პერანგი", „დემონი და მითოსი", „ჩაკლული სული", „გრაალის მცველნი", „მეგი - ქართველი ასული" და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები". რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.