ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას ხელს აძლევს მოსახლეობის სიღატაკეში ცხოვრება, რადგან მათი დაშინება და, შესაბამისად, მართვა უფრო ადვილია. ამის შესახებ ახვლედიანმა ოზურგეთში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მის გუნდს სურს, შექმნას ისეთი "ქრისტიან-დემოკრატიული" საქართველო, სადაც შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მშობლები დასაქმებულები იქნებიან, ხოლო პენსიონერები, მოხუცები და ხანდაზმულები - დაფასებულები.
ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებისთვის მისაღებია ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონი ოფიციალურად სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც სააკაშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის ნათელი მაგალითია.
"ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ საქართველოში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონი ოფიციალურად სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ანუ ღატაკი და ბოგანოა. დღევანდელი მთავრობისთვის ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ასეთი გაჭირვებული ადამიანები გაცილებით მარტივად დასაშინებლები და მარტივად სამართავნი არიან. სააკაშვილი და მერაბიშვილი ამას პოლიტიკას უწოდებენ, ჩვენ, ქრისტიან-დემორკატები კი, ამას ქვეყნის მტრობას ვუწოდებთ, ამიტომაც ვიბრძვით არა ზოგადად ჰიპოთეტურად საქართველოს წარმატებისთვის, არამედ საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ახვლედიანმა