რუსეთის გამოგზავნილი ადამიანი საქართველოს ერთ-ორ რეგიონს კიდევ დააკარგვინებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.
„ის, ვინც დღეს რუსების მიერ ჩამოყვანილი ქართველის ენით გველაპარაკება, რომ პრობლემა მარტო ერთი კაცია, ერთ-ორ რეგიონს აგაწაპნით და ა.შ. - იმას ქართველი ხალხის არსი არ ესმის", - აღნიშნა საააკაშვილმა და დასძინა, - "ყველა ლიდერი გამოიცვლება, მაგრამ საქართველოს ვერავინ დააკნინებს იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლებას და აღმშენებლობას გავუგეთ გემო".
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ადგილობრივ დამქაშებს ყველაზე მეტად სწორედ იუსტიციის სახლები აღიზიანებთ, სწორედ იმის გამო, რომ ვერასდროს ამ გამჭვირვალე შენობაში ისინი ქრთამების აღებას ვეღარ შეძლებენ.
"სხვა ფსიქოლოგია შეიქმნა. აი, რატომ აღიზიანებთ პრორუსულ ელემენტებს ეს სახლები, ახალი პარლამენტი, ყბადაღებული შუშის ხიდი - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახალი საქართველოს სიმბოლოებია. განსხვავებით მათაგან, ვისაც თვალები და ყურები არ აქვს და იძახის, რომ გაურკვეველია, თუ ვინ დაიწყო ომი და ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს", - განაცხადა სააკაშვილმა.