თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირი, რომლებმაც კოალიცია "ქართული ოცნების" ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელეს, გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. საქალაქო სასამართლოს ცნობით, 6 პირი დაჯარიმდა.
როგორც რომან კუსიანმა განაცხადა, სასამართლომ "ქართულ ოცნებაში" განხორციელებული 30 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით - 150 ათასი ლარით დააჯარიმა. ამასთან, კუსიანი არა 6, არამედ 8 დაჯარიმებულზე საუბრობს.
ასევე ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა შეეფარდა "ეროვნული ფორუმის" წევრ თეიმურაზ ხარაიშვილს.
კუსიანი ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას კანონის მიხედვით პარტიისთვის კიდევ 30 ათასი ლარის გადარიცხვის უფლება აქვს. მისი თქმით, ეს თანხა პირადი დანაზოგია, თუმცა ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა. კუსიანის ინფორმაციით, სასამართლო პროცესამდე შემომწირველებს ქონება დაუყადაღეს.
"მე მაქვს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა "ნაციონალური მოძრაობას" 500 ათასი ლარი გადაურიცხა, მაგრამ თავად ამ გადარიცხვებში არ ფიგურირებს. ჩვენ თუ ვისჯებით შემოწირულობისთვის, რატომ არ ისჯება ლევან ბეჟაშვილი?!", - აღნიშნა კუსიანმა.
სასამართლომ 6 პირი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე დააჯარიმა.