ENG / RUS       12+

"La Repubblica": აფხაზეთი - როგორც კავკასიური კოსოვო

"La Repubblica" აქვეყნებს სტატიას სათაურით "აფხაზეთი - როგორც კავკასიური კოსოვო". სტატია, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან გამართულ საუბარს ეფუძნება. მასში ჩირიკბა საუბრობს იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ევროკავშირისაგან დახმარებას ელოდება, რომ შესაძლოა აფხაზეთის აღიარება სან-მარინომ გადაწყვიტოს და რომ იტალია მალე მიხვდება, რომ აფხაზეთის მდგომარეობა კოსოვოს ანალოგიურია.

"აფხაზეთი ევროკავშირის მხრიდან აღიარებას ელოდება და ამის სანაცვლოდ ინვესტიციებისათვის მომგებიანი პირობების შექმნას პირდება", _ წერს თავის სტატიაში ჩეჩილია ტოზი, რომელსაც "La Repubblica" აქვეყნებს.

"აფხაზებს უძველესი ტრადიციები აქვთ, რომლებიც უკვე საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. აფხაზეთის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე 150 ათასიდან 500 ათასამდე მათი თანამემამულე ცხოვრობს. სამშობლოში სულ 122 ათასი აფხაზი ცხოვრობს, მათთან ერთად ამ ნაციონალურ ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობენ 40 ათასი სომეხი, 22 ათასი რუსი, 46 ათასი მეგრელი ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ქართველი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მძიმე დისკრიმინაციას უჩივის. დამოუკიდებელმა აფხაზეთმა აღიარება მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელის, ნაურუს, ტუვალუსა და ვანუატუს მხრიდან მიიღო, თუმცა ძნელია აფხაზები უიმედობაში შეიყვანო", _ წერს გამოცემა.

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ შესაძლოა თავისი აზრი შეიცვალოს: მეჩვენება, რომ სან-მარინო იქნება პირველი სახელმწუფო, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. ამავდროულად მინისტრი ცდილობს კომერციული ურთიერთობები დაამყაროს იტალიასთან და მოუწოდებს ინვესტორებს მოინახულონ აფხაზეთი", _ წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ჩირიკბა ამტკიცებს, რომ მის ქვეყანასა და იტალიას შორის ძალიან ბევრი საერთოა.

"შუასაუკუნეებში ჩვენ ურთიერთობა გვქონდა გენუასთან და ვენეციასთან, მანამდე კი რომის იმპერიის შემადგენლობაში შევდიოდით. დღეს აფხაზეთი - იდეალური ადგილია ინვესტიციებისათვის. გლობალური კრიზისის პირობებში ჩვენ ვიძლევით საშუალებას დიდი შემოსავლის მიღებისა, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს შესაქმნელი",_ აცხადებს ჩირიკბა.

"ყოველწლიურად ჩვენთან მილიონამდე ტურისტუ ჩამოდის. ამას გარდა, ჩვენი მიწა იდეალურად უხდება სოფლის მეურნეობის წარმოებას: ჩვენთან სუბტროპიკული კლიმატია და ჩვენი ყურძენი საშუალებას იძლება ვაწარმოოთ მილიონამდე ბოთლი კავკასიაში საუკეთესო ღვინისა.

ჩვენ საგადასახადო შეღავათებს ვპირდებით ინვესტორებს: 2 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია სამი წლის განმავლობაში არ დაიბეგრება", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ იტალიაში ვიზიტისას აფხაზებს კარგი მიღება მოუწყო სენატის საგარეო საქმეთა კომისიის ხელლმძღვანელმა ლამბერტო დინიმ, მან განაცხადა, რომ მათ მხარს გვიჭერს".

"ჩვენ გვჯერა, რომ იტალია მიხვდება, რომ ჩვენი მდგომარეობა კოსოვოს ანალოგიურია: აფხაზეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ თავისუფალი", _ აცხადებს ჩირიკბა და ჟურნალისტთან საუბარში ყურადღებას ნეიტრალურ პასპორტებზე ამახვილებს.

"ჩვენ არ გვჭირდება "ნეიტრალური პასპორტები" რომლებსაც ჩვენ თბილისი გვთავაზობს. ეს იქნება ქართული დოკუმენტი, იგი თბილისს გამოადგება იმაში, რომ ჩვენი გადაადგილება გააკონტროლოს. ჩვენ ჩვენი პასპორტები გვინდა, ჩვენ გვაქვს მათი ქონის უფლება, ისევე როგორც კოსოვოელებს. კოსოვოც ასევე "ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა". ევროკავშირის ხუთი წევრი არ აღიარებს კოსოვოს. ისინი კი თავიანთი დოკუმენტებით დადიან და არა სერბული დოკუმენტებით", _ აცხადებს ჩირიკბა და მიიჩნევს, რომ "ევროკავშირი შესაძლოა დაეხმაროს მის ქვეყანას ისევე როგორ ის კოსოვოს ეხმარება", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.

 

ავტორი: . .