"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ვაშლის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობას თხოვენ და მიიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს ქართლში ვაშლის მოსავლის პირდაპირი სუბსიდირება. "ქრისტიან-დემოკრატების" ეს მოთხოვნა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა გაახმოვანა.
როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალა შაბათ-კვირას შიდა ქართლის სოფლებში იმყოფებოდა და აღნიშნავს, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს ცხოვრების პრობლემას ემატება "ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობით გამოწვეული ურთულესი სოციალ ეკონომიკური პრობლემები".
"მაშინ, როდესაც კახეთსა და აჭარაში მოხერხდა და ყურძნისა და ციტრუსის ჩაბარებისას გლეხებს დანამატი გამოეყო სრულიად გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა ქარელის, გორის, კასპისა და ხაშურის რაიონების ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობა და მათი ხილის მოსავალი ყურადღების მიღმა. ხილი არასდროს არ ყოფილა ისეთი იაფი როგორც წელს, შესაბამისად ათასობით ტონა ვაშლი მოსახლეობას რეალიზაციის გარეშე რჩება. ყველას კარგად მოეხსენებნა, რომ შიდა ქართლში მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო სწორედ ხილის რეალიზაციას უკავშირდება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად "ქრისტიან-დემოკრატები" სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ითხოვენ სასწრაფოდ შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ვაშლის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობა.
ისე როგორც ეს მოხდა 2008 წელს და კახეთსა და აჭარაში, შიდა ქართლშიც მოხდეს ვაშლის მოსავლის პირდაპირი სუბსიდირება. გარდა ამისა, "ქრისტიან-დემოკრატები" უახლოეს მომავალში გეგმავენ, ფრაქციის გაფართხოებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოწვევას, რათა მან შიდა ქართლში შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლების კონკრეტული გრაფიკი წარმოადგინოს".