ENG / RUS       12+

ვინ შექმნის რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას?!

სულ რამდენიმე თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოში ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ პრინციპულად განსხვავებული საარჩევნო და პოლიტიკური გარემო იქმნებოდა. შემდგომ ტექსტში ამ ორივე ტერმინის აღმნიშვნელად "საარჩევნო გარემოს" ვიხმართ ხოლმე.

2008 წელს საკმაოდ განსხვავებული სიტუაცია იყო. თუმცა თითქმის იმავე შედეგით, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ იმ დროისთვის თითქმის დაძლია 2007-2008 წლების პოლიტიკური კრიზისი, ხოლო მაშინდელი ოპოზიცია უკვე დაღმასვლის და გაქრობისკენ მიმავალ გზაზე იდგა. ამ არჩევნების მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოჩნდა პარლამენტის მრავალწლიანი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის დისტანცირება ნაციონალური მოძრაობისგან, რაც შემდეგ ღია ოპოზიციაში გადაიზარდა.

დაბოლოს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისებურება გახდა მილიარდერ ბ. ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, რაც გარკვეულწილად იმეორებს ბადრი პატარკაციშვილის გზას, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არის. მაგრამ ამ განსხვავებებზე ახლა არ შევჩერდებით.

ივანიშვილის პარტიის დაფუძნების და ამ პოლიტიკური სუბიექტის ირგვლივ კოალიციის შექმნის შემდეგ, მას-მედიაში გაჩნდა ტენდენცია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები „ამერიკულ სტილში" იქნას წარმოჩენილი ანუ ორპარტიული კონკურენციის სახით. თავად ხელისუფლება ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობს, როცა ივანიშვილის და მისი კოალიციის წინააღმდეგ განუწყვეტლივ იღებს რეპრესიულ ზომებს, ფინანსურ სანქციებს, და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსტიტუციას ცვლის ერთი ადამიანის (ივანიშვილის) ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მაგრამ მეორე მხრივ, იგივე ხელისუფლება ცდილობს, არც ერთი ოპოზიციურად წოდებული პარტია არ აღიქმებოდეს ნაც. მოძრაობის ტოლფასად და მათ მხოლოდ მეორე ადგილისთვის ჰქონდეთ ბრძოლა ერთმანეთში.

2011 წელს, ჯერ კიდევ ბ. ივანიშვილის აქტიურ ჩართვამდე ღია პოლიტიკაში, ბევრი საუბარი იყო საარჩევნო გარემოს შეცვლის შესახებ. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით. იმართებოდა შეხვედრები და მოლაპარაკებები, პროცესში ჩართული იყვნენ უცხოური ორგანიზაციები და საელჩოები. საბოლოოდ, გარკვეული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში მართლაც შევიდა, თუმცა, ჩვენი აზრით, ამ ცვლილებებმა ვერანაირად ვერ შეცვალა არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ.

მთლიანობაში, აშკარაა, რომ ამჟამად საქართველოში არათუ რეალურად დემოკრატიული, არამედ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან ოდნავ მაინც მიახლოებული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. საუბარი არაა მხოლოდ გაყალბების ტექნოლოგიებზე, რომლებიც ბოლო წლებში კიდევ უფრო დაიხვეწა და წინანდელ „კარუსელებსა" და ბიულეტენების ჩაყრის პრიმიტიულ მეთოდებზე გაცილებით „სუფთა" გახდა. დღეისათვის, ხელისუფლებას 3 მილიონ ექვსასი ათასზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს შეყვანილი საარჩევნო სიებში, რომელთაგან ასეულობით ათასი, და სავარაუდოდ, მილიონზე მეტი, უბრალოდ ფიზიკურად არ იმყოფება საქართველოში (ე.წ. "გასტარბაიტერია" უცხოეთის ქვეყნებში). თუკი მომავალ არჩევნებში, საქართველოს ტერიტორიაზე მიცემული ხმების რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს ან გადააჭარბებს (და როგორც ჩანს, ასეც იქნება), ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ხმა უკვე გაყალბებულია.

ამ ყველაფერს აგვირგვინებს სახელმწიფო პოლიტიკის მომართულობა საარჩევნო შედეგის მიღებაზე მმართველი პარტიისთვის. ამაზეა გათვლილი პენსიების თუ სხვა დახმარებების აწევა, სხვადასხვა სოციალური ფენების (სტუდენტების და ა.შ.) მოსყიდვა არჩევნების წინ, შეღავათების დაპირებით, ფასადური „აღმშენებლობა", რისთვისაც მილიარდობით დოლარის უცხოური კრედიტების აღება ხდება და სხვა. ცხადია, რომ ასეთ პირობებში, კონკურენტულ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია.

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს, არჩევნებში პირველი სამი ადგილი დაუწეროს ნაციონალურ მოძრაობას, ივანიშვილის კოალიციას და ქრისტიან-დემოკრატებს. ამის შესახებ მეტყველებს ამერიკული IRI-ს და NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც. ეს „გამოკითხვები" ინდიკატორია იმისა, რომ აშშ-ს ხელისუფლებისთვის არჩევნებში სწორედ ამ პარტიების და ამგვარი თანმიმდევრობით გამარჯვებაა მისაღები. ამის გამო, ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ, ჰქონდეთ მონური და სერვილური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და არ ებმებიან პრიმიტიულ ანტირუსულ პროპაგანდაში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხელისუფლების რეპრესიებს და ძალადობას მათ მიმართ, დაემატა ახლა უკვე ივანიშვილის კოალიციის მხრიდან თავდასხმები, დამცინავი და შეურაცხმყოფელი გამოხტომები. ეს ყველაფერი ხდება ისევ და ისევ ცალმხრივად პროდასავლური ისტერიის გაძლიერების ფონზე. რითაც ბოლო თვეებში სწორედ ივანიშვილი და მისი მომხრეები გამოირჩევიან. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „რუსეთის აგენტები" არ არიან და „ნაციონალებზე" უფრო პროდასავლურად ცდილობენ თავის წარმოჩენას.

როგორც ხელისუფლების, ასევე განსაკუთრებით ივანიშვილის თავდასხმების ობიექტად იქცა, პირველ ყოვლისა, ბურჯანაძე, მისი პარტია და სახალხო კრება. ასევე ლეიბორისტული პარტიაც. სხვათა შორის, ლეიბორისტთა მხრიდან უკვე გაისმა ერთგარი „მესიჯი". რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა და ურთიერთკოორდინაცია მოახდინონ არჩევნების წინა პერიოდში. როგორც ცნობილია, ეს პარტია წინათ ერიდებოდა ამგვარ ნაბიჯებს და არჩევნებში ყოველთვის დამოუკიდებლად გადიოდა.

დღეისათვის ქართულ საზოგადეობაში, მის მნიშვნელოვან ნაწილში, არის მოთხოვნა ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც, ემიჯნებიან ე.წ. პრონატოურ პოლიტიკას და უფრო პატრიოტულ პოზიციებზე დგანან. ეს ნიშა აშკარად არსებობს, და მისი დაკავება ამ ვითარებაში მხოლოდ ნინო ბურჟანაძეს შეუძლია. მართალია, მისი დაკავება არც ისე იოლია. საქმე ისაა, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლება ბლოკირებას უკეთებს და თრგუნავს ყველა იმ პარტიას, რომელიც ცდილობს ამგვარი ნიშის დაკავებას, ხოლო მეორე მხრივ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ივანიშვილის კოალიცია აპირებს ამ სეგმენტის აღებას. ამაში მას ხელს უწყობს ხელისუფლებაც, რომელიც „პრორუსულობაში" ადანაშაულებს ბიზნესმენ-პოლიტიკოსს.


მნიშვნელოვან საკითხად რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი ცალკეული წარმომადგენლების პოზიცია პოლიტიკური პროცესების მიმართ. სასულიერო პირებს შორის, განსაკუთრებით, ე.წ. „მეორე ეშელონებში", ბევრი იზიარებს ცალმხრივად პროდასავლური და აგრესიულად ანტირუსული პოლიტიკის შეწყვეტის მოსაზრებებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალმა კოალიციამ, რომელსაც სავარაუდოდ ბურჯანაძე ჩაუდგება სათავეში, გაააქტიუროს მათთან თანამშრომლობა. ამავე დროს, აშკარად „პრორუსული" და ღიად ანტიამერიკული განცხადებებისგან ამ პარტიებმა, წინასაარჩევნო პროცესის დროს მაინც, თავი უნდა შეიკავონ, რათა ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი მათ მიმართ ანგარიშსწორებისა. პოტენციურ ამომრჩევლებთან მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს კარგად გააზრებული და აწონილ-დაწონილი გეგმის მიხედვით.


გიორგი ვეკუა, პოლიტოლოგი

ავტორი: . .